ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, კორუფციისგან თავისუფლების ინდექსში საქართველოს მოწინავე პოზიცია დასაფასებელია.
დუნდუას თქმით, საქართველომ გაასწრო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 16 სახელმწიფოს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
„ვაშინგტონის ნომერ პირველმა ანალიტიკურმა ცენტრმა, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში „მთავრობის კეთილსინდისიერების“, ანუ კორუფციისგან თავისუფლების ინდექსი, სადაც საქართველო 34 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოში 38-ე ადგილზე გავიდა. თვითონ კვლევა აერთიანებს მსოფლიოს 184 ქვეყანასა და ტერიტორიას, მათ შორის სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკის 182 სახელმწიფოს. საქართველო მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის წევრთა შორის გავიდა ევროპაში მე-20 პოზიციაზე, მსოფლიოში 36-ე ადგილზე.
მნიშვნელოვანია, რომ ინდექსი იკვლევს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიც არის ნეპოტიზმი, ქრონიზმი, მითვისება, გაფლანგვა, მექრთამეობა, სახელმწიფო რეკეტი და გამოძალვა. აერთიანებს კორუფციის ყველა ასპექტს, როგორებიც არის კორუფციის აღქმის ინდექსი, მექრთამეობის რისკის მატრიცა, კორუფციის კონტროლი. ამ თვალსაზრისით, ეს ინდექსი გამორჩეულია და საქართველოს მოწინავე პოზიცია დასაფასებელია. საქართველომ გაასწრო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 16 სახელმწიფოს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. შეფასების 100%-იანი სისტემით მიიღო 61%-ზე მაღალი, რაც მაღალი მაჩვენებელია. როგორც მოკლევადიანი, ანუ წლიური, ისე გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს გამორჩეული ლიდერია.
შედარებისათვის, 12 წლის წინ, 2012 წელს საქართველოს შეფასება 100%-იანი სისტემით იყო 38%, რაც ნიშნავს არაკეთილსინდისიერების სტატუსის მატარებელს და იყო ე.წ. რეპრესიულ ზონაში. ასე რომ, დღეისათვის ვითარება გაცილებით, მკვეთრად გაუმჯობესებულია და საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, მოწინავეა ევროპაში“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.