საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ ინფლაციის მიზნობრივი სამპროცენტიანი მაჩვენებელი საშუალოვადიანი ინდიკატორია და საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
კობა გვენეტაძის თქმით, იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია მიზნობრივი დონისგან უმეტესწილად განსხვავებული იქნება, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის ამ მაჩვენებლისკენ იმოძრავებს.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც ინტეგრირებული არ არის რომელიმე სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე ეკონომიკასთან, დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის არსებობა მნიშვნელოვანია. ამავდროულად, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებია კაპიტალის თავისუფალი მობილობა. ეს ორი პირობა კი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობას მოითხოვს. გაცვლითი კურსი შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს, რამდენადაც, საგარეო შოკის შემთხვევაში, გაცვლითი კურსის ცვლილება ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს და ამ გზით ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე აღნიშნული შოკის გავლენას ასუსტებს“, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.
სხდომაზე კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ის მისიას შორის მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) თაობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ბოლო პრესრელიზის თანახმად, სსფ მიესალმება ხელისუფლების მუდმივ ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოს, მცურავი გაცვლითი კურსისა და რეზერვების გონივრული მართვის მიმართ.
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსის მოქნილობა სათანადოდ შეინარჩუნა და საერთაშორისო რეზერვები დააგროვა, ისარგებლა რა მიმდინარე წელს საგარეო შემოდინებების მატებით შექმნილი ხელსაყრელი პირობებით და სავალუტო ინტერვენციები ცენტრალური ბანკების სტანდარტული ინტერვენციების ინსტრუმენტებით გააგრძელა. ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შესანარჩუნებლად აუცილებელია საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება“, – აღნიშნულია სსფ-ის პრესრელიზში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, წარდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას. შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.