იანვრიდან საქართველოში მტკნარი და მინერალური წყალი გაძვირდა. შესაბამისად მომხმარებლებს სუპერმარკეტების დახლებზე გაძვირებული პროდუქცია დახვდათ.
“წყალი მარგებელმა”, რომელიც ჰოლდინგური კომპანიაა და მათ შორის „ნაბეღლავის“ ბრენდსაც ფლობს, პროდუქციის ნახევარზე ფასები გაზარდა. გაძვირდა როგორც მინერალური, ისე მტკნარი წყლები. ფასები პროდუქციაზე 3-15%-ით არის გაზრდილი. როგორც კომპანიაში ამბობენ, ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებისკენ მათ 2020 წელს ლარის კურსის გაუფასურებამ უბიძგა.
“ჩვენი პროდუქციის ფასები გაიზარდა. 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტი გვაქვს და სრული ასორტიმენტის ნახევარს ფასების ზრდა შეეხო, სადაც შეგვეძლო შენარჩუნება ფასების მაქსიმალურად შევინარჩუნეთ. ზრდა დაახლოებით 3-15%-მდეა. ძირითადად გაძვირდა მინერალური და მტკნარი წყალი. ასევე გაძვირდა ხილის წვენებიც.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ვალუტის კურსის ცვლილება. ჩვენი შემოსავლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი გაყიდვებიდან გენერირდება ლარში, ხოლო სესხები გვაქვს ევროში. ასევე შესაფუთი მასალების ფასები ფიქსირდება დოლარსა და ევროში. შესაბამისად, ასეთი მკვეთრი კურსთაშორისო სხვაობა როგორიც 2020 წელს იყო დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ხარჯების სტრუქტურაზე. საუბარია მილიონობით ლარის ზარალზე, ამიტომ გავაძვირეთ იანვრიდან პროდუქცია", - აცხადებს კომპანიის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი თინათინ მახარაძე.
კომპანიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მათთვის გაძვირდა ელექტროენერგიაც. მინერალური და მტკნარი წყლის მწარმოებელი კომპანიები ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული საწარმოების ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ. “წყალ მარგებელში” ამბობენ, რომ მათ წარმოებაზე დენის გაძვირებასაც ექნება გავლენა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საფასო პოლიტიკა სულ ცოტა ხნის წინ შეცვალეს, კომპანიაში ჯერჯერობით მეტ ცვლილებებს არ გეგმავენ.
მინერალურ წყალზე ფასების ზრდას ადასტურებენ კომპანია "ბორჯომშიც", სადაც წყალ "ბაკურიანზე" ფასები რამდენიმე თეთრითაა გაზრდილი. ფასის ზრდის ზუსტ მიზეზებზე კომპანიაში არ საუბრობენ.