„აისეტის“ (ISET) კვლევითი ინსტიტუტის ცნობით, ახალი წელი ხაჭაპურის ინდექსისთვის ისტორიული მაჩვენებლით დაიწყო. ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა და 5.77 ლარს მიაღწია, რაც 1.8%-ით მაღალია 2021 წლის დეკემბერთან და 23.7%-ით მაღალი 2021 წლის იანვართან შედარებით.
ISET-ის ცნობით, ფასების ყველაზე დიდი ზრდა კვერცხისა (47%) და ფქვილის (31%) შემთხვევაში დაფიქსირდა. თუმცა, წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ინდექსის ყველა ინგრედიენტზე: კარაქი (23%), ყველი (16%), საფუარი (15%), რძე (10%).
ცენტრის შეფასებით, ფასების წლიური ზრდის მიზეზი, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილ ფასებში უნდა ვეძებოთ, რადგან FAO-ის მონაცემებით, სურსათის ფასები მთელი წლის განმავლობაში იზრდებოდა. ფასები გაიზარდა შემდეგ კატეგორიებში: მარცვლეული, მცენარეული ზეთები, რძის პროდუქტები, ხორცი, შაქარი. სურსათის საერთაშორისო ფასების ზრდის დინამიკა მოგვიანებით ადგილობრივ ფასებზეც აისახა და თუ ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლოა ფასები მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზარდოს.
ამასთან, როგორც „აისეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხაჭაპურის ინდექსის ბოლოდროინდელი დინამიკა ემთხვევა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სურსათის კატეგორიის ფასებს. საქსტატის ანგარიშის თანახმად, წლიურ ჭრილში სურსათის ქვეჯგუფში ფასები 16.2%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში ბოსტნეულის ფასები 23.3%-ით გაიზარდა, პურისა და მარცვეულის – 20.5%-ით, ზეთებისა და ცხიმების – 19.6%-ით, მინერალური და გამაგრილებელი წყლების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების – 18.3%-ით, შაქრის, ჯემის, თაფლის, შოკოლადისა და ტკბილეულის – 18.2%-ით, თევზის – 16.6%-ით, რძის, ყველისა და კვერცხის – 14.4%-ით, ხილისა და ყურძნის – 13.7%-ით, ხორცის – 11.9%-ით.