გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება რაჭის ტყეების თემას და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმი" უცვლელად გთავაზობთ.
"ტყუილია, თითქოს რაჭაში გაიყიდა ტყე. რაჭაში ტყე არ გაყიდულა. ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის.
რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას. ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს - შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმცია. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში.
რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერ გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროსისთვის არავის მოუმართავს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას."- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას სახელმწიფომ 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი 49 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა, რაც თავის მხრივ 1,047 კვადრატული კილომეტრის ტოლია. შესაბამისად, ბიზნესმენის კომპანია ამჟამად მთლიანი რაჭის ფართობის (2,893 კვ. კმ.) ერთ მესამედზე მეტის განკარგვის ლიცენზიანტია. სალიცენზიო პირობების თანახმად, ადგილზე სამონადირეო მეურნეობა უნდა განვითარებულიყო.