საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც ფრთხილი ნაბიჯებით აგრძელებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ცენტრალური ბანკის ფუნქციაა, რომ ყველაზე ფრთხილი საჯარო ინსტიტუცია იყოს ქვეყანაში.
„დაბალი ინფლაცია და დაბალ ინფლაციური გარემო საქართველოში წარმოიქმნა გასული წლის გაზაფხულიდან. ფაქტობრივად, თებერვლიდან მოყოლებული, 2023 წლის ინფლაცია დაბალია, დაღმასვლით ხასიათდება და ბოლო პერიოდში ერთ პროცენტზე ნაკლებია, რამაც საშუალება მოგვცა, თანდათან დაგვეწყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა. ჯერ ჩვენი პოლიტიკა საკმაოდ მკაცრია, რადგან ის პიკში იყო 11%. მას შემდეგ, რაც გასული წლის მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შემცირება, ორი პროცენტით არის შემცირებული, თუმცა რეგიონში მაინც ერთ-ერთი მაღალი განაკვეთი გვაქვს.
ჩვენი გონივრულობის შეფასებისას, კარგი იქნება, შევხედოთ რეგიონის ცენტრალური ბანკების პოლიტიკასაც და აღმოაჩენთ, რომ იქაც, ყველგან, ცენტრალური ბანკები თანდათან იწყებენ მკაცრი მონეტარული პოლიტიკებიდან გამოსვლას. ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნებული ინფლაცია იწვევს იმას, რომ ინფლაციური მოლოდინები არის შემცირებული. ცენტრალურ ბანკს ეს აძლევს საშუალებას, გააგრძელოს უფრო მსხვილი ბიჯებით შემცირება, თუმცა მაისიდან მოყოლებული, სულ ორპროცენტიანი შემცირება გვაქვს და ეს ითვლება საკმაოდ მკაცრ მიდგომად. მთლიანობაში, ჩვენ ვრჩებით ფრთხილები და ეს არის ცენტრალური ბანკის ფუნქცია, რომ ყველაზე ფრთხილი საჯარო ინსტიტუცია იყოს ქვეყანაში.
რაც შეეხება შიდა რისკებს, რაზეც ტრადიციულად ვსაუბრობთ, პოტენციურ, კლასიკურ რისკებს, რასაც ყოველთვის ახსენებს ეროვნული ბანკი, ეს შეეხება მოთხოვნის მხრიდან შესაძლო ზეწოლას ინფლაციაზე. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პირველ რიგში, განპირობებული იქნება არა პროდუქტიულობის, არამედ ინფლაციური მოთხოვნის ზრდით, ხელფასების ზრდა ასცდება პროდუქტიულობის ზრდას. დღეს ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ, რადგან პროდუქტიულობის ზრდა მთელი 2023 წელი საკმაოდ მაღალი იყო. აქედან გამომდინარე, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ინფლაცია იყო საკმაოდ დაბალი. ეს რისკი 2023 წელს არ მატერიალიზდა. 2024 წელს ამას მივადევნებთ თვალს. ერთ-ერთი ნიშანი და მაჩვენებელია, თუ მოხდა საკრედიტო მაჩვენებლის ზედმეტად დაჩქარება. დღეისთვის ეს არის სრულიად მდგრადი ტემპი, რითაც საკრედიტო აქტივობა იზრდება. იანვრის მონაცემებით, ლარში აღებული სესხები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში. ამ კუთხით მდგრადი ვითარებაა, თუმცა მომავალში ვალდებული ვართ, რომ ამ მიმართულებასაც მივადევნოთ თვალი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.