„ჩვენთან ყველა პოლიტიკურად და ეკონომიკურად ასპარეზობს, ჩვენ კი ისევ ცვლილებების მოლოდინში ვართ“ - ამ სათაურით, ეკონომიკის დოქტორი, რატი აბულაძე საინფორმაციო სააგენტო "Buisness Time"-ზე სტატიას აქვეყნებს.
მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დიდმა ქართველმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა ორჯონიკიძეს უთხრა: “მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ”. დღეს, საქართველოში ბევრი აკადემიური ჯარისკაცია, რომელიც არ ემსახურება ძველ პოლიტიკურ გარემოს და მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს ემსახურება.
სამწუხაროდ, ქართულ ეკონომიკურ პოლიტიკაში მანევრის სივრცე და რესურსი შეზღუდულია. მცირე შემოსავლებისა და სუსტი ეკონომიკური პოლიტიკის გამო არ ხერხდება ყველა პრობლემის გამკლავება. ეკონომიკის პროგრამული აღდგენის კურსის არქონის გამო იზრდება ფასები, მცირდება შემოსავლები, არაპროგნოზირებადია მცურავი გაცვლითი კურსი. იმედს ქმნის მხოლოდ საზოგადოებრივი და აკადემიური რესურსი, რომელიც შრომებით და საზოგადოებრივი აქტივობით, ქვეყანაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, პოლიტიკა და ბიზნესი ერთად ისწრაფვის ქვეყანაში უთანასწორობის აღმოფხვრის, ეკონომიკური შესაძლებლობების ამაღლებისა და თანასწორობის იდეალებისკენ. საქართველოში კრიზისის შედეგად გაღრმავებული უთანასწორობის შემცირებისთვის ქმედით ღონისძიებებს ვერ ატარებს სახელმწიფო. სწორედ ფისკალური პოლიტიკაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უთანასწორობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც უფრო მიზანმიმართულია, ვიდრე ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.
გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო ეკონომიკა გამოდის პანდემიიდან, იცვლება პრიორიტეტები, იზრდება ციფრული პროცესები, მატულობს პროტექციონისტული მიდგომები, იცვლება შრომის პოლიტიკა, დღის წესრიგში დგება რეფორმების და ცვლილებების საჭიროება. მსოფლიოს განვითარების კვალდაკვალ ქართული ეკონომიკის სტრუქტურაც უნდა გახდეს მეტად ციფრული, გეოეკონომიკური ინტერესების, კლიმატის ცვლილებებისადმი მოქნილი, სოციალური პოლიტიკის სრულყოფაზე მიმართული, ეკოლოგიურ და ბიომრავალფეროვან დაცვაზე ორიენტირებული.
ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ პოლიტიკური რეფორმირების გარეშე ქართული ეკონომიკა სწრაფ და თანამიმდევრულ აღდგენას ვერ შეძლებს. საერთაშორისო მარათონში ვერ ჩაერთვება მეგაპროექტებისა შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებით.
ქვეყანაში მცირეა საზოგადოების შემოსავლები. გლობალურ ბაზრებზე მოსალოდნელი ფასების ზრდის ფონზე, უცნობია ფასების სტაბილურობის მიღწევის რა ინსტრუმენტების იმედად არის ქართული პოლიტიკური გარემო. ამასთან, სებ-ის როლი არასაკმარისია. მცირე შემოსავლები ხომ ცოტა საკვებს ნიშნავს, თუ საკვების ფასი კიდევ გაიზარდა, ასეთი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, სამჯერად კვებაზე მყოფი მოსახლეობა ერთჯერად კვებაზე გადავა. ამასთან, იმპორტირებული საკვების სუბსიდირება კი არასდროს იქნება პრობლემის გადაწყვეტა.
ფაქტია, რომ საქართველოში, ოჯახებს გაუძვირდათ სადღესასწაულო თუ ყოველდღიური სამზარეულო. 2019 წელს თუ „საშუალო სიდიდის თანხით“ შეძენილი პროდუქტების რაოდენობა მოცულობითი იყო, დღეს ფასების გაძვირების ფონზე რაოდენობამ ერთეული პროდუქტი შეადგინა. პრაქტიკულად, პოლიტიკური რეფორმების ვერ გატარებით, ქართული ოჯახები ნაკლებ საკვებსა და ფაქტობრივად ბუნებრივ დიეტაზე დასვეს.
ობიექტური რეალობის მიუხედავად, სტატისტიკური მაჩვენებლების (ინფლაციის, ვაჭრობის, ეროვნული ანგარიშების) სხვადასხვა ჭრილში განხილვა, პრესის სათაურებში გამოტანა და 12 თვის შემდეგ წინა მაჩვენებლებთან შედარება, მაინც აღქმის გარეთაა.
დაბოლოს, საქართველო არ იმყოფება კარგ“ სტატუს კვოში“. ჩვენთან ყველა პოლიტიკურად და ეკონომიკურად ასპარეზობს. ჩვენ კი ისევ ცვლილებების მოლოდინში ვართ.