jan-medi
ავერსი შნაიდერი

 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში ინიცირებულია.

პარლამენტის ბიურომ ბიუჯეტის განხილვის განრიგი დაამტკიცა და ფინანსური დოკუმენტი განსახილველად კომიტეტებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს გადასცა.

2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, 2025 წელს დაფინანსება მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უმცირდება, სხვა სამინისტროების ასიგნებები კი იზრდება. ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსება იზრდება.

2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 27 046 541 100 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით 2.016 მლრდ ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, 27.046 მლრდ ლარიდან 25.601 მლრდ ლარი არის საბიუჯეტო სახსრები, 60.275 გრანტები და 1.385 მლრდ კრედიტი.

რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რამდენით იზრდება სამინისტროების ასიგნებები და რა თანხებია გათვალისწინებული სხვადასხვა უწყებისთვის, 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით ასე გამოიყურება:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 8.7 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 870.850 მლნ ლარითაა გაზრდილი;

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2.885 მლრდ ლარით, რაც 2024 წლის გეგმას 376.9 მლნ ლარით აღემატება;

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 515 მლნ ლარით, ზრდა 43 მლნ ლარი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3.2 მლრდ ლარით, კლება 200.7 მლნ ლარია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 745 მლნ ლარს, ზრდა 57 მლნ ლარია;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 1 მლრდ ლარი, ზრდა 199 მლნ ლარი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 121 მლნ ლარს; ზრდა 7 მლნ ლარი;

იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 427 მლნ ლარი; ზრდა 12.315 მლნ ლარი;

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 200 მლნ ლარი; ზრდა 12.5 მლნ ლარი;

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.6 მლრდ ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 220 მლნ ლარით აღემატება;

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.350 მლრდ ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 90 მლნ ლარით აღემატება;

2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 24.4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 25,1%-ია;

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2,5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 36,8%-ის ფარგლებშია.

ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31.2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.

54