„ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა მუშაობას ნაწილობრივ აჩერებს - ჭიათურის მაღარო დიდი ხანია არ მუშაობს“ - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ პროფკავშირების თავმჯდომარემ. ირაკლი პეტრიაშვილი ამით მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1-ელი ნოემბრიდან ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას 5 თვით წყვეტს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად „ბიზნესპრესნიუსი“ „ჯორჯიან მანგანეზს“ დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნულ ქარხანასა და მაღაროს ფლობს, თუმცა კომპანიაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.
„ბიზნესპრესნიუსმა“ გაარკვია, რომ ქარხანა სრულად არ გაჩერებულა. ჩვენთან საუბარში ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნუგზარ კევლიშვილი აცხადებს, რომ ზესტაფონის ფეროს 11 მოქმედი ღუმელიდან 6 გაჩერდა, 5 კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ამის შესახებ „ჯორჯიან მანგანეზმა“ ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრეც, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს განაცხადა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ღუმელების გაჩერება გამოწვეულია მსოფლიო ფეროშენადნობთა ბაზარზე სილიკო მანგანუმის ფასის დაცემითა და მოთხოვნის მნიშვნელოვანი კლებით.
„ზესტაფონის ქარხანა ნაწილობრივ გაჩერდა, 11 ღუმელიდან 6 გააჩერდა 5 მუშაობს. ამის მიზეზია კრიზისი, მსოფლიო ბაზარზე ფასების კატასტროფული ვარდნა. ზოგი ქარხანა მთლიანად ჩერდება, საკმაოდ დიდი კოლექტივი ჰყავთ, კბილებით უჭირავთ კადრები. როდემდე გააჩერეს იმ ღუმელების მუშაობა, არ მაქვს ინფორმაცია“, - ამბობს კევლიშვილი.
გარდა კევლიშვილისა, „ბიზნესპრესნიუსთან“ პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც აღნიშნავს, რომ ზესტაფონის ქარხანა სრულად არ გაჩერებულა, ჭიათურის მაღარო კი დიდი ხანია გაჩერებულია და არ მუშაობს.
ამასთანავე, თვის დასაწყისში „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებდა, რომ „წარმოების შემცირება არ მომხდარა დასაქმებულთა შემცირების ხარჯზე“. მედიაში კი დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათასობით დასაქმებული დროებით უმუშევარი დარჩა. პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საუბარია ხელფასების 60%-იან მიღებაზე და დასაქმებულები სამსახურის გარეშე არ დარჩენილან.
„მსოფლიო ბაზარზე ჭარბი რაოდენობა დაგროვდა პროდუქციის და ამავე დროს ფასი არის დაბალი. გამომდინარე მიმდინარე მოვლენებიდან და იმ დავალიანებიდან, რაც ჰქონდა ზესტაფონის ფეროს, ნაწილმა გააჩერა მუშაობა. ჭიათურა ისედაც გაჩერებული იყო და ჩვენთან კოლექტიური ხელშეკრულების გამო, დასაქმებულებს უხდიან 60%-ს, იმავეს გადაუხდიან ზესტაფონის ფეროს დასაქმებულებსაც.
სრულად არ გაჩერებულა, იქ გარკვეული სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს და სხვანაირად [ქარხნის სრული გაჩერება] შეუძლებელია. რას ჰქვია რამდენი თანამშრომელი დარჩა სამსახურის გარეშე? - არც ერთი! საუბარია 60%-იანზე გადაყვანა. ეს არის დროებითი მოვლენა, მაგრამ ამ დროებით მოვლენასთან დაკავშირებითაც იქნება შეხვედრა და გავარკვევთ“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
წყარო: BPN