"ვიწყებთ საპარტნიორო ფონდის რეფორმას", - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის რესტრუქტურიზაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მიმდინარე წელს დარეგისტრირდება.
„ვიწყებთ საპარტნიორო ფონდის რეფორმას. მოხდება ფონდის რესტრუქტურიზაცია და ამის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მიმდინარე თვეში - დეკემბერში დარეგისტრირდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს დაარსებული სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის რესტრუქტურიზაციის შესახებ საუბარი გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის ზაფხულში, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში საპარტნიორო ფონდის შეფასებისას განაცხადა, რომ უწყება არაეფექტიანია და მისი შედეგიანობა დაბალია. სახელმწიფო ფონდის რეფორმირების რეკომენდაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც გამოვიდა. სწორედ IMF-თან შეთანხმებით, "საპარტნიორო ფონდს" საინვესტიციო საქმიანობა წელსაც შეზღუდული ჰქონდა.
2021 წლის სექტემბერში კი საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიის საორიენტაციო გეგმაში ერთ-ერთ საკითხად „სააქციო საზოგადოება - საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანაც არის გაწერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფონდი 2022 წელს ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა, თუმცა მეტი დეტალის შესახებ მთავრობის წარმომადგენლები დღემდე ვერ საუბრობდნენ.
ცნობისთვის: 2015 წლიდან დღემდე ფონდს დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. 2015-2019 წლებში ფონდმა 1.17 მილიარდი ლარით იზარალა
2020 წლამდე "საპარტნიორო ფონდის" შემადგენლობაში ენერგეტიკის დარგში მომუშავე კომპანიები, ესკო და სახელმწიფო ელექტროსისტემაც შედიოდნენ, თუმცა ფონდის რეფორმირების პროცესის შედეგად აღნიშნული ფირმები უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდნენ. ამჟამად, "საპარტნიორო ფონდის" ქვეშ არსებული მთავარი კომპანიები სისტემატიურად ზარალიანი "საქართველოს რკინიგზა" და "ნავთობისა და გაზის კორპორაციაა", რომელიც შედარებით უკეთესი ფინანსური შედეგებით გამოირჩევა.