საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი საკანონმდებლო ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს, რომლის მიხედვითაც, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტის განხილვა დაჩქარებული წესით არ მოხდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, სათანადოდ უნდა შეფასდეს ის რისკები, რაც სასამართლო სისტემის გვერდის ავლით ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე სახელმწიფო ზედამხედველობის და დიდი ფინანსური სანქციების შემოღებამ შეიძლება გამოიწვიოს.
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის მთავარი საკითხი იყო.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოში ინიცირება მოახდინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის, რომელიც გარკვეულ მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას ითვალისწინებს და ასევე, მოიცავს შესაბამისი ბაზრის რეგულირების ახალ მექანიზმებს, მათ შორის, კონტროლის გაზრდილ უფლებამოსილებას და მნიშვნელოვან სანქციებს სამართალდარღვევათათვის.
ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გამოიკვეთა, რომ დაგეგმილი სიახლეები, სარგებელთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანი რისკების წყარო შეიძლება გახდეს როგორც ფარმაცევტული კომპანიებისათვის, ასევე თავად მომხმარებლებისათვისაც, მათ შორის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა და მათი ხარისხის კუთხით.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომ ცვლილებათა პაკეტის განხილვა არ მოხდეს დაჩქარებული წესით. კომიტეტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, ამჯერად დარგის სპეციალისტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართოს კონსულტაციები, რათა სრულყოფილად იქნას გააზრებული და გაზიარებული ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა წამლის ფასის რეგულირების ნაწილში. ასევე, სათანადოდ იქნას შეფასებული ის რისკები, რაც შეიძლება გამოიწვიოს სასამართლო სისტემის გვერდის ავლით ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე სახელმწიფო ზედამხედველობის და დიდი ფინანსური სანქციების შემოღებამ. მსგავსი ფორმულირებით კანონის მიღება არაპროპორციულია იმ მიზნებთან, რაც კანონპროექტითაა გათვალისწინებული, რადგანაც სასამართლოს ნებართვის გარეშე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევასთან კავშირში მყოფი ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტის შემოწმება, საქმიანობის შეჩერება, დაჯარიმება და სხვა აღსრულების ზომების განხორციელება, არსებით რისკებს ქმნის მთლიანად სექტორის გამართული საქმიანობისათვის.
„ვფიქრობთ, ფარმაცევტული მიმართულებით, რისკების სწორი შეფასება და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის. მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი ცვლილებების მიმართულებით აუცილებელია სახელმწიფოსა და ბიზნესის კოორდინირებული მუშაობა, ვინაიდან დაცული იქნას ამ სექტორში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორების ინტერესები“, - აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.