ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ლურჯი მოცვის იმპორტზე შეზღუდვა არ არის და დღეის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, ასევე შეუფერხებლად მიმდინარეობს ატმისა და ვაშლატამის ექსპორტიც.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ში დასტურებენ ცნობას, რომ რუსეთმა პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლი გაამკაცრა, რაც საშუალებას აძლევთ იმპორტიორებს დამატებითი დოკუმენტაცია მოსთხოვონ:
“ამ ეტაპზე, რუსეთის ფედერაციაში მცენარეული პროდუქტის იმპორტზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს. დღეის მონაცემებით, საქართველოდან შეუფერხებლად ხორციელდება ატმის, ვაშლატამას და ლურჯი მოცვის ექსპორტი.
აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციაში პესტიციდების გამოყენების რეგლამენტის დაცვის და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა. ახალი რეგულაცია მოქმედებს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში. იმპორტირებულ პროდუქციის კონტროლის მიზნით, „როსსელხოზნადზორი“ უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელი ქვეყნიდან პესტიციდების გამოყენების რეგლამენტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და კვლევები გამოითხოვოს”.
რუსეთში რეგულაციების შესაძლო გამკაცრებისა და ბაზარზე გაურკვევლობის გამო, მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია Georgian Blue-ს დირექტორმა რატი მორჩილაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამ ეტაპზე ფერმერებისგან ლურჯი მოცვის შესყიდვა შეაჩერეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით რუსეთში ექსპორტზე პრობლემა არ შექმნიათ და ბოლოს გუშინ, 28 ივნისს, 12 ტონა მოცვი გაიტანეს რუსეთში. მისივე თქმით, კვირაში დაახლოებით 25-30 ტონა ლურჯი მოცვი გააქვთ ექსპორტზე და წელს აქვთ მოლოდინი რომ საექსპორტო პროდუქტი 200 ტონას მიაღწევს.
“ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეზღუდვები დაწესდა, მაგრამ სრული ინოფრმაცია არ გვაქვს. ვრცელდება ახალი ამბების სახით და არ გამიგია პრაქტიკაში ვინმეს პრობლემა თუ შეექმნა. ამ ეტაპზე ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდით. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კომუნიკაცია გვქონდა დღეს, სადაც გვითხრეს რომ ჩვენი ინფორმაციით არანაირი შეზღუდვა არ არისო. თავიდან თქვეს არ ვიცით მგონი რაღაც შეზღუდვა დაწესდაო, თუმცა ვარკვევთ და დღეს გვითხრეს რომ არაფერი შეცვლილაო,”-აცხადებს მორჩილაძემ.
GeorgianBlue-ს დირექტორი ასევე გვეუბნება რომ მათ შემთხვევაში საექსპორტო ბაზარი წელს რუსეთის გარდა ევროკავშირის ქვეყნებიც იქნებიან, რადგან USAID-ის ნაწილობრივი დაფინანსებით საჭირო სერტიფიკატი მიიღეს, თუმცა ეს სერთიფიკატი მცირე ფერმერებს არ აქვთ, რომლებსაც მოცვი 1-1.5 ჰა-ზე მოჰყვათ. შესაბამისად, ისინი მათ მიერ მოჰყანილი პროდუქტის ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდვას ვერ შეძლებენ. საუბარია გერმანიასა და ჰოლანდიაზე, სადაც GeorgianBlue მოცვის ექსპორტზე გატანას გეგმავს. მორჩილაძის განმარტებითვე, ევროკავშირში ექსპორტისთვის საჭირო სერტიფიკატის აღების პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია და დაახლოებით ნახევარი წელი სჭირდება. მეტიც, ფიქრობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ამ დოკუმენტის აღებას აზრი, როცა მოცვის ბაღი დიდ ფართობზეა გაშენებული. ამ კომპანიას გურიაში მოცვის ბაღი 35 ჰა-ზე აქვს გაშენებული.
“ევროპის ბაზარზე ბევრად დიდი მოთხოვნაა მოცულობების თვალსაზრისით რუსეთთან შედარებით. ფასებიც უფრო სტაბილურია. ივნისის დასაწყისში რუსეთში უფრო მაღალი ფასია, მაგრამ ივნისის მეორე ნახევარში ეცემა მკვეთრად. ევროპაში სტაბილური ფასი ნარჩუნდება, თან მოცულობების მხრივ ბევრად უფრო დიდი მოთხოვნაა. აქამდე სხვა ფერმერებისგან შეძენილი გვაქვს დაახლოებით 15 ტონა მოცვი და ვაგრძლებეთ კიდევ შესყიდვას. ბევრად უფრო მარტივია ლოჯისტიკის თუ სანიტარული მოთხოვნების გამო რუსეთში პროდუქტის გატანა. როგორც გითხარით ევროპას სჭირდება სერთიფიკატი, რომელიც რთული ასაღებია, ასევე ლოჯისტიკა საკმაოდ დიდხანს გრძლედება დ მნიშველოვანია რომ იყოს ხარისხიანი პროდუქტი, თან დიდი მოცულობა უნდა მიაწოდო, სხვანაირად ისინი არ ინტერესდებიან,”-აცხადებს რატი მორჩილაძე.