2024 წელს ბიზნეს კლიმატი განსაკუთრებით არასტაბილური იყო, რაზეც პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მნიშვნელოვნად იმოქმედა. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მაკრო მიმოხილვაშია აღნიშნული.
პუბლიკაციის ძირითად მიგნებებში 2024 წლის შემაფერხებელი ტენდენციების ნაწილში შემდეგ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული:
სუსტი სავალუტო შემოდინება: 2024 წლის პირველ ნახევარში სავალუტო შემოსავლების ოთხი ძირითადი წყაროდან სამი (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, ექსპორტი) წინა წელთან შედარებით შემცირდა.
ბიზნესის არასტაბილური განწყობა: 2024 წელს ბიზნეს კლიმატი განსაკუთრებით არასტაბილური იყო, რაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ.
ვალუტის რყევა: ოქტომბრის დასაწყისიდან ქართულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურება დაიწყო, რის გამოც ეროვნული ბანკი ღია ბაზრის ოპერაციებში ჩაერთო.
ამასთან, პუბლიკაციის თანახმად, 2024 წლის დადებით ტენდენციებს წარმოადგენს შემდეგი ფაქტორები:
ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნება: 2024 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში მთლიანი ინფლაცია 1.1%-ს შეადგენდა, ხოლო საბაზო ინფლაცია - 1.7%-ს. ამავე პერიოდში ინფლაციაში ყველაზე დიდი წვლილი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორებმა შეიტანა.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დადებითი გავლენა ეკონომიკაზე: 2024 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-მდე შემცირდა, რამაც გამოიწვია დაკრედიტების ზრდა, გაზარდა შიდა მოთხოვნა და დადებითად იმოქმედა ეკონომიკურ ზრდაზე.
სავაჭრო ბრუნვის ზრდა: 2024 წლის პირველ 9 თვეში 2023 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 3.7%-ით გაიზარდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზრდის ტემპი შემცირდა.