jan-medi
ავერსი საქკაბელი

სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში მრავალი ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. საუბარია ქალზე, რომელიც მოკლე შუალედში ორჯერ იყო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ფოთის ერთ-ერთი აფთიაქის მენეჯერი მოკლე შუალედით ორჯერ ზედიზედ იმყოფებოდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში. შვებულების დასრულების შემდეგ კი, დამსაქმებელმა უარი უთხრა თავის სამუშაო ადგილას დაბრუნებაზე, ვინაიდან, ხანგრძლივი შვებულების გამო, მენეჯერის პოზიციაზე უკვე სხვა პირი იყო დასაქმებული. სანაცვლოდ, დამსაქმებელმა მას სამსახური ქუთაისში შესთავაზა, იმ აფთიაქში, რომელიც დღემდე არ გახსნილა. ასევე, მეორე შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ, დამსაქმებელმა მას ანაზღაურების გარეშე შვებულება მისცა და 2022 წლის 5 მარტიდან დღემდე, განმცხადებელი, ფაქტობრივად, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა.

სახალხო დამცველის განმარტებით, დასაქმებულს უფლება აქვს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ დაბრუნდეს იმავე სამუშაოზე და იმავე შრომის პირობებით და აგრეთვე, ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომის პირობებით იმის ფარგლებში, რის მიღების უფლებაც მას ექნებოდა შვებულებით რომ არ ესარგებლა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კომპანიის შეთავაზება, ფოთის მაცხოვრებლის ქუთაისში სამუშაოდ გამწესების შესახებ, საგრძნობლად აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას, რადგან კანონით განსაზღვრულ 3 საათზე მეტი დროა საჭირო სამუშაო ადგილზე მისასვლელად.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „იმპექსფარმს“

  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და დასაქმებული დააბრუნოს იმავე სამუშაო ადგილზე იგივე სამსახურებრივი პოზიციით;
  • უზრუნველყოს, იძულებითი მოცდენის გამო შესაბამისი ანაზღაურება;
  • მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში სქესის, ორსულობისა, ოჯახური მდგომარეობის ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში.  

საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმი" დაუკავშირდა „იმპექსფარმს“ აღნიშნულზე კომპანიის პოზიციის გასარკვევად, საიდანაც მივიღეთ საპასუხო განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"შპს „იმპექსფარმი“ ერთმნიშვნელოვნად არ ეთანხმება დოკუმენტის სულისკვეთებასა და რეკომენდაციით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. დოკუმენტის ზედაპირული შესწავლისასაც კი ცხადია, რომ არ მომხდარა საქმის გარემოებათა სრულყოფილი და ობიექტური კვლევა. უპირველეს ყოვლისა გვინდა გაცნობოთ, რომ შპს "იმპექსფარმში" დასაქმებულთა 95%-ს წარმოადგენენ ქალბატონები, რომელთა სრული უმრავლესობა დაოჯახებული გახლავთ. 
 
გაცნობებთ, რომ მოცემული პერიოდისთვის ნამდვილად მიმდინარეობს შრომითი დავა კომპანიასა და მის ერთერთ თანამშრომელს შორის; 
სადავო არ გახლავთ ის გარემოება, რომ კომპანიის მენეჯერმა ისარგებლა მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით 25.12.2018-დან 01.06.2020-მდე, ასევე დამატებით შვებულებით 02.09.2020 – 05.03.2022-მდე. პირველი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდა მისი აღდგენა მენეჯერის პოზიციაზე, თუმცა სამი თვის შემდგომ კვლავ ისარგებლა შვებულების უფლებით. როგორც ავღნიშნეთ, გამოყენებული შვებულება მოიცავდა ხანგრძლივ პერიოდს, აფთიაქის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ფოთში მოხდა სხვა პირის დასაქმება. შპს „იმპექსფარმი“ აღმოჩნდა ერთგვარი დილემის წინაშე, რადგან შვებულებიდან დაბრუნებული პირის მიერ, იმავე ლოკაციაზე შრომითი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში, უნდა
შეწყვეტილიყო შრომითი ურთიერთობა ახალ მენეჯერთან, რომელიც აღსანიშნავია, რომ გენდერის ნიშნით ასევე ქალი ბრძანდება, და რაც მნიშვნელოვანია, კომპანია მოკლებული გახლდათ შესაძლებლობას, შეეწყვიტა ხელშეკრულება ახალ მენეჯერთან, ვინაიდან მასთან არსებული შრომითი ურთიერთობა, კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება უვადო შრომით ურთიერთობად.
 
აღსანიშნავია, რომ კომპანია „იმპექსფარმი“ ფლობს მხოლოდ 1 აფთიაქს ქ. ფოთში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შვებულებიდან დაბრუნებული მენეჯერი დანიშნულიყო მენეჯერის პოზიციაზე, სხვა აფთიაქში; აღნიშნულის თაობაზე ეცნობა მას და ახალ სამუშაო ადგილად დასახელდა ქალაქ ქუთაისში მდებარე ახალი ფილიალი. 08.02.2024 წელს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში მითითებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქუთაისის ფილიალი არ გახლავთ გახსნილი მიმდინარე პერიოდისთვის, არ შეესაბამება სიმართლეს. ხსენებული აფთიაქი გაიხსნა 2022 წლის სექტემბრის თვეში. შვებულებიდან დაბრუნებულმა მენეჯერმა უარი განაცხადა ქუთაისში დასაქმებაზე, რის შემდეგაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება მისი სენაკში მდებარე ფილიალში გადაყვანის შესახებ;
გაცნობებთ, რომ მოდავე მხარემ უარი განაცხადა კომპანიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზეც, რის შემდეგადაც მენეჯერმა შესთავაზა ფარმაცევტის პოზიცია საწყის აფთიაქში ქ. ფოთში, მენეჯერის ანაზღაურებით, იმ დრომდე სანამ მენეჯერის პოზიცია გახდებოდა ვაკანტური. თითოეულ შემთხვევაში კომპანიამ გამოთქვა მზაობა განეხორციელებინა დამატებით ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურება. გადაწყვეტილებების მიღება შრომითი ადგილმდებარეობის ცვლილების შესახებ განხორციელდა იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მესამე პირის, სქესის ნიშნით თუ ვიმსჯელებთ ისიც გახლავთ ქალბატონი, უფლებების არაპროპორციული ხელყოფა.
 
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სრული პასუხიმსგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ ჰქონია ადგილი დისკრიმინაციას მით უფრო სქესის და ოჯახური ნიშნით. შპს „იმპექსფარმისთვის“ მნიშვნელოვანია თითოეულის თანამშრომლის შრომითი უფლებების დაცვა, განურჩევლად სქესისა და ოჯახური მდგომარეობისა," - ნატქვამია განცხადებაში.

 

426