ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოქალაქეები არჩეული თანამდებობის პირებისგან მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას ელიან.
მათივე ინფორმაციით, გასული თვეების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და COVID-19-ის გავლენა ეკონომიკაზე კვლავ მოქალაქეების მნიშვნელოვანი პრობლემაა.
მათივე დასკვნით, მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა (13 %) ან ხელფასი/შემოსავალი შეუმცირდა (12 %), ხოლო უმრავლესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს.
პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად საცალო ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და სარესტორნო სფეროებში დასაქმებული მოქალაქეები დაზარალდნენ.
"ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, პოლიტიკოსებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება მათი მთავარი პრიორიტეტია. ვაქცინაციის პროცესის გამართულობა და მოსახლეობის ინფორმირებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გამოყენება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, რომ ხელისუფლებამ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოახერხოს", - განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა.
მოქალაქეების 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური გეგმა ეფექტურია, ხოლო მათი ნახევარი, ვინც პანდემიის პერიოდში მთავრობისგან რაიმე სახის ფინანსური დახმარება მიიღო, ამბობს, რომ ეს დახმარება საკმარისია.
აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.