ორი წლის წინ დაწყებულმა პანდემიამ კარდინალურად შეცვალა მსოფლიო ეკონომიკური ცხოვრება. შეიცვალა ეკონომიკის განვითარების სცენარიც. ქვეყნებმა კრიზისის დაძლევის სხვადასხვა მეთოდი აირჩიეს. კოვიდპანდემიით გამოწვეულ ლოქდაუნს უკვე ჰყავს არაერთი დამარცხებული, რაც გამოიხატა ეკონომიკური აქტივობის შემცირებაში, თუმცა ამას ვერ ვიტყვით მაღალ ტექნოლოგიებზე.
პანდემიის პირობებში ონლაინურთიერთობებმა და ინტერნეტრეკლამამ ბიძგი მისცა ჰაი ტექის კომპანიებს, კიდევ უფრო გაზრდილიყვნენ და მეტი სეგმენტი დაეკავებინათ ბაზარზე. მათი ინტერესი არ შემოიფარგლება მხოლოდ განვითარებული ქვეყნებით. მაღალი ტექნოლოგიების ისეთი ჰაბი, როგორიც ისრაელია, კარგა ხანია დაინტერესებულია საქართველოში მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობით. უკვე ცნობილია ჰაი ტექის სფეროში საქართველოში ისრაელის არაერთი ინიციატივა, რომლის განხორციელებაშიც ყოველდღიურად უფრო მეტი ადგილობრივი ინტელექტუალური რესურსი ერთვება.
საქართველოში მაღალი ტექნოლოგიებისა და სტარტაპების დანერგვის აქტიური მხარდამჭერია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა. მისი ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, ისრაელის მოდელის გადმოტანით საქართველოში სტარტაპები განვითარდება. რაც მთავარია, საქართველოში ამის მონაცემები არსებობს.
„ქართველში ეს ბუნება არის და მჯერა, რომ პირველი გამოგონება საქართველოში ყველაზე პატარა სოფელში, ყველაზე ღარიბი ოჯახიდან მოხდება. ქართული ბუნება, ხედვა და კომბინაციის უნარი არის სტარტაპების გამოგონების შესაბამისი და ამ მხრივ საქართველოს უდიდესი მომავალი აქვს“, - ამბობს იციკ მოშე..
ბიზნესპალატის ხელმძღვანელი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მიუხედავად არაერთი წარმატებული ინიციატივებისა, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებში პირველი მრავალმიმართულებიანი ნაბიჯები იდგმება, რაც შემდეგ იმპულსს მისცემს სხვადასხვა მიმართულებას, რათა ჩამოყალიბდეს პირდაპირი საქმიანი კავშირები. ორგანიზაცია მუშაობს ისრაელში საქართველოს პოტენციალის წამოჩენაზეც.
საქართველოში უკვე მოქმედებს ერთ-ერთი ისრაელური საინვესტიციო ჯგუფის მიერ გახსნილი სტარტაპების სკოლა. დაწყებულია, აგრეთვე, პატარა ჯგუფების აქტივობები.
იციკ მოშეს აზრით, არის დიდი პოტენციალი, ისრაელის მსგავსად, საქართველო ჩამოყალიბდეს მაღალი ტექნოლოგიების ქვეყნად. მისივე თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში, ისრაელიდან საქართველოში გაიზარდა ინტერესი ჰაი ტექის სფეროში და ეს მხოლოდ დასაწყისია. იციკ მოშე მიესალმება საქართველოში ტექნოპარკის გაფართოვებასაც.
აღსანიშნავია, რომ ისრაელი მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოს წამყვან ქვეყანათა შორისაა. მთავრობის ხელშეწყობით, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ჰაი ტექი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა საქართველოში დაინტერესებულ ჯგუფებს წლებია აცნობს 10 წლის წინ ისრაელში გამოყენებულ მოდელს და განვითარების გეგმებს. ნიშანდობლივია, რომ ისრაელში საშუალოდ ყოველწლიურად იხსნება 500 სტარტაპკომპანია, იზიდავენ 10 მლრდ დოლარს, იყიდება 100 სტარტაპი, შემოდის 20 მლრდ დოლარი.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს უკრაინაზე და ამბობს, რომ მხოლოდ უკრაინაში 30 ათასი პროგრამისტი მუშაობდა ისრაელიდან და ქვეყანაში შედიოდა 1 მილიარდ დოლარამდე ოდენობის ხელფასი.
მისივე თქმით, საქართველო ახლა უნდა გააქტიურდეს - საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა გააძლიერონ კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება, პროგრამისტებმა კი გაიღრმავონ გამოცდილება იმ პირობებში, როცა პანდემიის მიუხედავად, მათ პროფესიულ საქმიანობაზე დღეს კიდევ უფრო მეტი მოთხოვნაა.
მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ისრაელის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოს მრავალმხრივ შესაძლებლობებს აძლევს. ერთ-ერთი მათგანი კიბერტექნოლოგიაა, რომელშიც ისრაელი მსოფლიო ლიდერია. იციკ მოშეს თქმით, ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთობლივ სწავლებებზე, ბიზნესპალატის შუამდგომლობა კი, ტრადიციულად, უანგაროა.
ახლახან თბილისში ამოქმედდა 3 ახალი კომპანიის წარმომადგენლობა, რომლებიც ისრაელიდან მიღებულ შეკვეთებზე - ონლაინ რეკლამირებაზე, ქონსალთინგზე, დიზაინზე და პროგრამირებაზე იმუშავებენ. კომპანიებმა უკვე დაასაქმეს ათობით ქართველი პროგრამისტი და გრაფიკული დიზაინერი.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის თქმით, ჰაი ტექის განვითარება პროცესია რომელიც თანდათანობით გაფართოვდება: ჯერ პროგრამირება, შემდეგ ექსელერატორები და ქართული სრულყოფილი ჰაი ტექ დეველოპური კომპანიები. ისრაელური კომპანიის შემოსვლა არ არის მხოლოდ დასაქმება. ესაა იმ სფეროს დისციპლინის შემოტანა, რაშიც ისრაელი მსოფლიოში ლიდერია, რაც 5 წელიწადში საქართველოს გარანტირებულად მიიყვანს ამ სფეროში უფრო მაღალ ნიშნულამდე.
შემდეგ, ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებით, საქართველოს ეკონომიკაში თანდათანობით გაიზრდება მაღალი ტექნოლოგიების სეგმენტი. ამ სფეროს განვითარების აქტუალობა გვაჩვენა ბოლო პანდემიამაც, საიდანაც პირველი გამარჯვებული სწორედ მაღალი ტექნოლოგიები გამოვიდა.
და ბოლოს, იციკ მოშე მიმართვას ორივე მხარეს, არ დასჯერდნენ ტრადიციულ ტემპებს და სწრაფი ნაბიჯებით შეიქმნას ორმხრივი გეგმები ურთიერთობების განვითარებისთვის. ესაა ეკონომიკის ამოქაჩვის საომარი მდგომარება. ბიზნესპალატის ხელმძღვანელის თქმით, არ ვართ იმ ეტაპზე, სადაც იდეების განვითარებას ჭირდებოდეს წლები. პრემიერის ოფისთან უნდა შეიქმნას აქტიური სამუშაო რგოლები, რომლებიც ერთი ხელით არსებულ პრობლემებს მოაგვარებენ და მეორეთი კომანდოს სტილში განავითარებენ აქტიურობას.