ბაზარზე არსებული აგრომარკეტების დასახმარებლად და მათი განვითარებისთვის შეიქმნა ასოციაცია, რომელიც ამ მიმართულებით იაქტიურებს. საინფორმაციო სააგენტო "Business Time"-ი ასოციაციის თავმჯდომარეს, გიორგი ქაჯაიას დაუკავშირდა, რომელმაც დეტალურად განმარტა ასოციაციის პრიორიტეტები და მიზნები.
"საქართველოს ბაზარზე საკმაოდ ბევრი აგრომარკეტი და სასურსათე მაღაზიაა. მიუხედავად იმისა რომ ყველა კუთხეში არის ქსელური მაღაზიები, სადაც ასევე მოიპოვება სასურსათე პროდუქცია, საზოგადოება არჩევს უბნის პატარა აგრომარკეტებს, სადაც გარანტირებულად იციან, რომ ნამდვილი "ბიო" პროდუქტი იყიდება და არის ოჯახური გარემო. თუმცა, ეს მაღაზიები, პატარა ბიუჯეტის გამო ვერ ახერხებენ აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილებას. ასევე, ძალიან რთულია, აგრომარკეტებისთვის შეინარჩუნონ თავი ბაზარზე, როდესაც ამდენი ქსელური მაღაზიაა. ორგანიზაციას სურს, რომ მსგავსი ტიპის მცირე თუ მსხვილ აგრომარკეტებს და სასურსათე მაღაზიებს, დაეხმაროს ბაზარზე ადგილის შენარჩუნებაში და განვითარებაში", - განმარტავს გიორგი ქაჯაია.
როგორც გიორგი ქაჯაია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არსებული მაღაზიები 2023 წლიდან ვალდებული იქნებიან HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტზე გადავიდნენ, მათი პირველი მისია იქნება ამ მაღაზიებს აღნიშნული ცვილილების დანერგვაში დაეხმარონ და პროცესი გაუმარტივონ.
"ჩვენი მიზანია, რომ ორგანიზაციაში გავაწევრიანოთ 25-მდე წევრი. ასოციაციის მთავარი პროფილია მცირე და საშუალო აგრომარკეტები და სხვა სასუსრსათე მაღაზიები. ჩვენს ასოციაციაში გასაწევრიანებლად, მაღაზია აუცილებლად უნდა ვაჭრობდეს ხილით, ბოსტნეულით და სასურველია სხვა სოფლის ნობათით. ჩვენ ვეძებეთ წევრებს, რომლებიც პროგრესზე და წინსვლაზე არიან ორიენტირებულები. ორგანიზაციაში ყველას ექნება სიტყვის უფლება და ყველა წევრის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომაც, ჩვენთვის პრიორიტეტულია წევრები, რომლებიც ასოციაციასთან ერთად იქნებიან ჩართული ამ კონკრეტული სეგმენტის განვითარებაში" , - განმარტავს გიორგი ქაჯაია.
როგორც გიორგი ქაჯაია აცხადებს, აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მთავარი ფუნქციები შემდეგი მიმართულებითაც იქნება:
- ტრეინინგები HACCP-ი სტანდარტების დასანერგად;
- ტრეინინგები მომსახურე პერსონალის გადასამზადებლად;
- იურიდიული სერვისები;
- ფინანსური/ბუღალტრული სერვისები;
- სოციალური მედიით პოპულარიზაციის გაზრდა;
- ახალ ფერმერებთან და მსხვილ აგრობიზნესებთან დაკავშირება;
გიორგი ქაჯაიას თქმით, ახლადშექმნილი ასოციაცია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სახსრების და რესურსების ძიებაშია.
"სამომავლოდ გვჯერა, რომ შევძლებთ ბევრად მეტი მაღაზიის დამატებას ჩვენ გუნდში. ასევე რეგიონალურად ბევრად მეტ წევრზე გავალთ და ვთვლით, რომ წევრების რაოდენობას გავაორმაგებთ. ვაპირებთ მაღაზიებს დავეხმაროთ რენოვაციაში, რებრენდინგში. გვინდა, რომ მოვამარაგოთ მაცივრებით და სხვადასხვა ტექნიკით, რომელიც მათ განვითარებას ხელს შეუწყობს", - ამბობს გიორგი ქაჯაია.