2022 წლის სექტემბერში ხაჭაპურის ინდექსმა ზრდის ტენდენცია განაგრძო და 6.30 ლარს მიაღწია, - არნიშნულის შესახებ მაჩვენებელს ISET აქვეყნებს.
მოცემული მაჩვენებელი 5.6%-ით ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით. წლიურ ჭრილში ინდექსი 38%-ით გაიზარდა (2021 წლის სექტემბერთან შედარებით).
„ხაჭაპურის ინდექსის წლიურ ინფლაციაში წვლილი შეიტანა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტმა: საფუარი (16.9%), რძე (17.1%), კვერცხი (19.7%), კარაქი (20.6%), ფქვილი (25.2%) და ყველი. (41,9%). წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად (41%-ით) ყველის ფასი გაიზარდა (2021 წლის სექტემბერი – 11.5 ლარი, 2022 წლის სექტემბერი - 16.3 ლარი). გრაფიკიდან იმასაც ვხედავთ, რომ ფასების მატება ყველაზე მაღალი იყო იმპორტირებულ (კარაქი) და იმ პროდუქტებზე, რომელთა წარმოებაშიც იმპორტირებული შუალედური პროდუქტები (ფქვილი და რძე) გამოიყენება.
სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მიხედვით, რომელიც საქონლის უფრო ყოვლისმომცველ კალათას ეყრდნობა, წლიურმა ინფლაციამ საკვების ფასებზე 17.6% შეადგინა. სიღრმისეულმა ანალიზმა აჩვენა, რომ რძის, ყველისა და კვერცხის კატეგორიაში ფასები 23,6%-ით, ხოლო პურის და მარცვლეულის კატეგორიაში 32,8%-ით გაიზარდა.
სურსათის გლობალურ და, შესაბამისად, ადგილობრივ ფასებზე დიდ გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი. ზოგიერთი მარცვლეულის გლობალური ფასები ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა, რადგან ორივე ქვეყანა მარცვლეულის მსხვილი ექსპორტიორია. FAO-ის სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, 2022 წლის სექტემბერში, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მარცვლეულის ფასები 11,2%-ით გაიზარდა. რაც შეეხება რძის ფასებს, FAO-ის ცნობით, 2022 წლის სექტემბერში, წლიურ ჭრილში, რძის ინდექსი 20,7%-ით გაიზარდა. გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდა შესაბამისად აისახება ადგილობრივ ბაზრებზეც.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერჯერობით ფასები იზრდება, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფასებზე ზედიზედ მეხუთედ დაფიქსირდა კლება, რაც საბოლოოდ უნდა აისახოს ადგილობრივ ბაზრებზე და შემცირდეს ადგილობრივი ფასები“, - ნათქვამია ISET-ის ინფორმაციაში.