BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სებასტიან მოლინესი: „შთამბეჭდავია საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა“

„ძალიან შთამბეჭდავია იმ რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს,“ -  ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინესმა (Sebastian Molineus) ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

ივანე მაჭავარიანმა სტუმარს ახალ პოზიციაზე მუშაობის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს ეფექტიანი და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის.

ფინანსთა სამინისტროს ინფომრაციით, ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე, ასევე, განიხილეს ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და განათლების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები.

აღინიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ 90 მილიონი ევროს ოდენობის ხელმოწერილი ხელშეკრულება „ინოვაციების, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებით განხორციელებას.  აღნიშნული პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და დაეხმარება საქართველოს მთავრობას 2018– 2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია. 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში,მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ქვეყანაში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

374