BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ელი მარტიდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
 
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რეგისტრაცია გაიმართება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. მისი თქმით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.
 
„1-ელი მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, რეგისტრაცია გაიმართება შემდეგი გამოცდებისთვის - ერთიანი ეროვნული გამოცდები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, საერთო სამაგისტრო გამოცდა, მასწავლებლის საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წელს პირველად შესთავაზებს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს და ასევე, მასწავლებლობის მსურველებს. აბიტურიენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ცნობარი აბიტურიენტებისთვის, რომელსაც ყველა ელოდება. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელსაც აბიტურიენტები დაკვირვებით უნდა გაეცნონ. ცნობარი ელექტრონული სახით ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული. მასში მოცემულია ის საგამოცდო პროცედურები, რაც უნდა გაითვალისწინონ", - განაცხადა გორგოძემ.
 
მისივე თქმით, პრაქტიკოსი მასწავლების ნაწილი შარშან იყვნენ დარეგისტრირებული, მაგრამ მათი გამოცდა გადაიდო. შესაბამისად, ის მასწავლებლები, ვინც გამოცდაზე იყვნენ დაგისტრირებული, რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ. მათ აქვთ შესაძლებლობა, შევიდნენ ამ გვერდზე და შეცვალონ სარეგისტრაციო მონაცემი, მაგალითად, ზოგ მასწავლებელს შეიძლება სურდეს საგნის შეცვლა. ყველა ინფორმაცია, რაც შეიძლება მასწავლებლებს და აბიტურიენტებს დასჭირდეთ, ჩვენს ვებგვერდზეა მოცემული. ეს არის კრებულები, გზამკვლევები და ა. შ.
 
"1-ელი მარტიდან 31 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის პროცესი აბიტურიენტებისთვის არის პირველი ეტაპი, ვინც ამ პერიოდში წარმატებით დარეგისტრირდება, შეუძლია 15 აპრილის ჩათვლით გარკვეული ცვლილებები შეიტანონ. კონკრეტრულად ეს ეხება საგნის ცვლილებას ან ენის შეცვლას“, - განაცხადა გორგოძემ.
 

 

316