BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ პანდემიის დაწყებიდან 6 თვის თავზე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა.
 
გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, რომ სანამ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შეიქმნება, ვირუსის გავრცელებას წესების დაცვით უნდა ვებრძოლოთ.
 
„და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფო, მათ შორის, საქართველოც დაამარცხებს ვირუსს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყნის რესურსული მდგომარეობა, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკმაოდ კარგად გაუმკლავდა ამ გამოწვევას.
 
არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა და უნდა ვიყო მზად იმისთვის, რომ მკაცის წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით ჩვენ ელემენტარული წესების დაცვით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას,“ – თქვა გახარიამ.
359