jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, საქართველოში ჩამობრძანდება ნატო-ს გენერალური მდივანი. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს მისი მეოთხე ვიზიტია საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით,საქართველო აგრძელებს ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ნატოელ პარტნიორებთან.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ვიზიტით გაემგზავრა ბრიუსელში. მას, ერთი მხრივ, ჰქონდა ევროინტეგრაციის მიმართულებით ასოცირების საბჭოში მონაწილეობის შესაძლებლობა, მეორე შეხვედრა მან გამართა ნატო-ს შტაბბინაში, გენერალურ მდივანთან, ასევე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისია. დღეს უკვე ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამობრძანება ნიშნავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან კარგ, მნიშვნელოვან, უმაღლეს დონეზე განვითარებულ დინამიკას. ნატო-სთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული პარტნიორი ჩვენს რეგიონში. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ნორმა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან ინდივიდუალურად, ორმხრივ ფორმატებში და ალიანსთან, ნატო-სთან ასევე ორმხრივ ფორმატში, ნატო-საქართველოს ურთიერთობის ფარგლებში. ეს დინამიკა გაგრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო მადლიერებას გამოხატავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ.
„ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ალიანსის, რომ გვქონდა, გვაქვს და გვექნება ძალიან მჭიდრო და ძალიან ცალსახა მხარდაჭერა, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. როგორც ალიანსი, ასევე ბატონი სტოლტენბერგი ყოველთვის გამოირჩევა მნიშვნელოვანი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. ასევე, გვაქვს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია საქართველოში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ნამდვილად მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას და თანამშრომლობას ალიანსთან“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

85