BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ეკონომიკის სამინისტრო ონლაინგაყიდვების მსურველი კომპანიების შემოწმებას იწყებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ონლაინგაყიდვების მსურველი კომპანიების შემოწმებას იწყებს.
 
როგორც მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კომპანიებს საქმიანობის გაგრძელების უფლება შემოწმების შემდეგ, კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიეცემათ.
 
“ამ ეტაპზე ჩვენ მივდივართ უფრო საწარმოების და კომპანიების შემოწმების გზით. ონლაინგაყიდვების მიმართაც იგივე მიდგომა იქნება. ჩვენ შევამოწმებთ კონკრეტულ კომპანიებს და ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ კომპანიის შესატყვისობის შესახებ, როგორ ასრულებს ის რეკომენდაციებს და არა მთლიანად დარგის შესახებ, რადგან ნებისმიერ დარგში შესაძლოა, იყოს წარმატებული კომპანიები და ისეთი კომპანიები, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები. ამიტომ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად, ონლაინკომპანიები და ონლაინგაყიდვების სერვისები ამოვიტანოთ ახლო პრიორიტეტში და კონკრეტული კომპანიის გადამოწმების შედეგად მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. ამ ეტაპზე არის ეს მიდგომა.
 
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც კი ამა თუ იმ დარგში, ასევე ონლაინგაყიდვების სფეროში გაჩნდება კომპანიები, ვინც შემოწმებას წარმატებით გაივლის, ეს დადებითი პრაქტიკა მაშინვე იქნება გადაღებული და განვრცობილი სხვა კომპანიებზეც. ყოველთვის აღვნიშნავთ რომელი კომპანიებია ამა თუ იმ დარგში ადაპტირების წარმატებული მაგალითები და რა მიდგომები დაამკვიდრეს მათ, რომ სხვა კომპანიებმაც შეძლონ მიბაძონ და გადაიღონ ეს პრაქტიკა მათთან“, - განაცხადა თურნავამ.
427