BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აუცილებელია დისტანცია და რაც შეიძლება კარგი განწყობა - ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და შემთხვევების 80%-ში კლინიკური გამოვლინება შესაძლოა, საერთოდ არ იყოს.
 
აღნიშნულის შესახებ ლევან რატიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. როგორც კლინიკის დირექტორი განმარტავს, გამორიცხული არ არის, ბცჟ ვაქცინამ დაავადების მსუბუქ მიმდინარეობას შეუწყოს ხელი.
 
„მოსახდელი დაავადება იმას ნიშნავს, როცა ინფექციას მივიღებთ, შესაძლოა, დაავადება 80%-ში არ გვქონდეს და ისე მოვიხადოთ. 17%-ში დაავადება საშუალო და მსუბუქი ფორმით მიდის, 3%-ში კრიტიკული ფორმით. როცა დაავადებას მივიღებთ, შეიძლება ისე მოვიხადოთ, კლინიკა საერთოდ არ გამოვლინდეს, მაგრამ თუ გამოვლინდა, რა თქმა უნდა, მოსახდელია.
 
იმუნიტეტი ორი სახის არსებობს - ადამიანის ორგანიზმში სწრაფი ანტისხეულების გამომუშავების და მოგვიანებით გამომუშავების. დღე და ღამე არ მძინავს, იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს ამ ადამიანების წინაშე აღებული. ბევრი სტატია წავიკითხე და ვნახე, რომ ანტისხეულები, რომელიც სწრაფად უნდა სინთეზირდებოდეს ორგანიზმში, სავარაუდოდ, დაავადების მანიფესტაციას ასწრებს და ამიტომაც მიდის ჩვენთან შემთხვევები მეტნაკლებად მსუბუქად. ღმერთმა ქნას და იქნებ გადაგვარჩინოს ბცჟ ვაქცინაციამ“, - განაცხადა რატიანმა.
 
ამასთან, რატიანი მოსახლეობას სოციალური დისტანცირებისკენ და კარგი განწყობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
 
„უნდა გადავრჩეთ. აუცილებელია მხოლოდ სოციალური დისტანცია და რაც შეიძლება, კარგი განწყობა, ვინაიდან იმუნური სისტემის სტაბილურობა ნევროლოგიურ სტატუსზეა დამოკიდებული“, - განაცხადა რატიანმა.
645