BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საპენსიო სააგენტო ახალ დირექტორს ეძებს

საპენსიო სააგენტო ახალ დირექტორს ეძებს, რისთვისაც უწყებამ შესაბამის პლატფორმაზე განაცხადი უკვე განათავსა.
 
სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით. დირექტორი საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში არ მონაწილეობს და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.
 
გარდა ამისა, საპენსიო სააგენტოს დირექტორის უშუალო მოვალეობებს შორის შედის:
 
საპენსიო სააგენტოს ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;
 
დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის და საპენსიო სააგენტოს დებულების შესაბამისად საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება;
 
საპენსიო სააგენტოს საქმიანობის წესების (შინაგანაწესის) შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
 
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების რეგისტრირების, მართვისა და ადმინისტრირების წესების შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად და ა.შ.
 
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10,000-დან 15,000 ლარამდეა. კონკრეტულად, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დირექტორობის მსურველი, ეს ვაკანსიის შესახებ განაცხადშია მოცემული.
 
შეგახსენებთ, რომ ლევან სურგულაძე თანამდებობას ოფიციალურად 16 იანვარს დატოვებს. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მან გასული წლის დეკემბერში მიიღო, შესაბამისად მისი სურვილი სამეთვალყურეო საბჭომ დააკმაყოფილა.
1110