BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ანაკლიის კონსორციუმი: თუ დიალოგზე გადავდივართ, წერილის გასაჯაროება პროცესს დააზიანებს

„თუ დიალოგზე გადავდივართ, ამ წერილის გასაჯაროება მიმდინარე პროცესს დააზიანებს,“ - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა 10 ოქტომბერს კონსორციუმის მიერ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაგზავნილი წერილის გასაჯაროების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ახვლედიანი განმარტავს, თუ წერილის გასაჯაროვების საჭიროება დადგება, კონსორციუმი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ეს არის წერილი, რომელიც იურისტების მიერ კონკრეტული ხელშეკრულების პუნქტების გათვალისწინებით დაიწერა. ჩვენ ვთვლით, რომ თუ მთავრობა ნაბიჯებს მოლაპარაკებების წარმართვაზე გადადგამს და  დიალოგისკენ წამოვა, ამ წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება პროცესებს დააზიანებს. ორივე მხარე კონფიდენციალობით ვართ შეზღუდულები. კონფიდენციალობის პუნქტში არის საჭირო იურიდიული დოკუმენტი, რომელზეც მთავრობამ წერილობით თანხმობა უმდა მოგვცეს, რომ ისინი წერილის გასაჯაროებაზე თანახმა არიან, თუმცა თუ დიალოგზე გადავდივართ ამ წერილის გასაჯაროება დააზიანებს პროცესს, ამიტომ, ჯერჯერობით, თავს შევიკავებთ და მოვლენების განვითარებას დაველოდებით", - განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ: გუშინ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და კონსორციუმს 10 ოქტომბერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის გასაჯაროებისკენ მოუწოდა. დღეს კი, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის კონსორციუმმა 10 ოქტომბრის წერილით „თავი დაიზღვია“.

320