BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეისთვის, კახეთში 23 ღვინის საწარმომ 10 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადაამუშავა

5 სექტემბრის დილის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 10 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან 3.6 ათას ტონამდე საფერავია, 2.4 ათასი ტონა რქაწითელი, 1.5 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყურძნის გადამუშავების პროცესში  23 ღვინის საწარმოა ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბში 160 ღვინის მწარმოებელი კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან.

ცნობისთვის, წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და მოსავალი დაუბინავებელი  არ დარჩეს.

აღსანიშნავია, რომ რთველის პროცესში სააგენტო ჩართულია მოსავლის აღრიცხვიანობის მიმართულებით და არ ერევა ფასწარმოქნასა და თავისუფალი ბაზრის რეგულაციაში.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

175