BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება. კანონი ძალაში 2019 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა. ოდექსის მიხედვით, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, შემდეგი ოდენობით: (თანხის მოცულობა ავტომობილის ძრავის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული)

  • 3500 სანტიმეტრ კუბზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 300 ლარი;
  • 2500 - 3500 სანტიმეტრ კუბის მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 200 ლარი;
  • 2500 სანტიმეტრ კუბზე ნაკლები მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 100 ლარი;
  • ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში, ნებისმიერი ძრავის მოცულობა - თვეში 60 ლარი.
 
ახალი წესი არ ეხება ელექტრომობილებს. როგორც კანონში წერია, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ელექტრომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.
 
დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის აღრიცხვისა და საგადასახადო ორგანოსათვის ასეთი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება დამქირავებელს ეკისრება.
 
ამ ცვლილების მიღების მთავარი მიზეზი, როგორც ავტორები განმარტავენ, დამქირავებლის ავტომობილის მოხმარებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა, რის გამოც ის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება.
460