BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ივლისში ტურისტული შემოსავალი $57.8 მლნ-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკის ტურიზმის სექტორის შემოსავლების განახლებული სტატისტიკის თანახმად,   2019 წლის ივლისში საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ $374.7 მილიონის შემოსავალი დააგენერირა, რაც $57.8 მილიონით, ანუ 13.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისში საქართველოს ტურისტული სექტორი გაიზარდა, ვიზიტორების მთლიანმა რაოდენობამ 5.8%-ით მოიმატა და 1,099,474 შეადგინა, ხოლო უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი, 1%-ით 570,482 ტურისტამდე გაიზარდა. თუმცა, სებ-ის წინასწარი კალკულაციით, სექტორის შემოსავალი შემცირდა. 
 
ივლისში ტურისტების რაოდენობის ზრდა არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის საუდის არაბეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან დაფიქსირდა, თუმცა, რუსეთის ფედერაციიდან და ირანიდან ნაკადის შემცირებას ჰქონდა ადგილი. 
 
უფრო კონკრეტულად კი ავიასანქციების ფონზე ივლისში საქართველოში სულ 159,063 რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით ნაკლები იყო, აქედან, 50,849 - სატრანზიტო ვიზიტორი, 108,214 კი, ტურისტი იყო. უშუალოდ რუსი ტურისტების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8%-ით (18,851-ით) ნაკლები იყო.
480