BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ივანე მაჭავარიანი: რუსთავს 28 მლნ, იმედს 19 მლნ, მაესტროს კი 8 მლნ ლარის დავალიანება აქვს

"ვალების ამნისტია მავნე პრაქტიკას წარმოადგენს და მის ნაცვლად სახელმწიფო მზად არის, რომ ამ ვალების ჩამოწერის ნაცვლად მათი რესტრუქტურიზაცია მოხდეს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ქართული ტელევიზიების მიერ დაგროვილ მრავალმილიონიან ვალზებზე საუბრისას განაცხადა.

"გუშინაც დამისვეს ეს კითხვა და ვრცლად გიპასუხებთ. რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, იმედი, რუსთავი და მაესტრო, თანხები არის რუსთავი 2 28 მილიონის, იმედს 19 მილიონის, მაესტროს კი 8 მილიონის დავალიანება აქვს.

ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა არსებობდა. მემგონი ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასწორდეს. არის სხვა ტელევიზიებიც, რომლებსაც არ აქვთ დავალიანება და ისინი იხდიან პატიოსნად თანხას. ეს ტელევიზია პატიოსნად იხდიდა, ასევე კავკასიაც. რა დააშავეს მათ ვინც პატიოსნად იხდის გადასახადებს. ეს ამბავი უნდა მოგვარდეს და გასწორდეს, ყველამ უნდა დაიწყოს გადახდა. ეს დავალიანებები არის საკმაოდ დიდი.

მინდა მოვუწოდო ტელევიზიებს, უახლოეს ვადაში - ორ კვირაში მინდა რომ მოვიდნენ და წარმოადგინონ საგადასახადო ტვირთის გადანაწილების და შემსუბუქების პროექტი. მიმდინარე დავალიანებები კი უნდა გადაიხადონ და აღარ გააგრძელონ ვალის დაგროვება. ეს არის სენსიტიური სექტორი, თუმცა მათ უნდა გადაიხადონ ეს თანხა",- აცხადებს მაჭავარიანი.

191