BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქვეშეთი - კობის გზის მშენებლობაზე ხელშეკრულებები აგვისტო- სექტემბერში გაფორმდება

ქვეშეთი-კობის პროექტზე, რომელიც 2 ლოტადაა დაყოფილი ხელშეკრულებები გაფორმდება აგვისტო-სექტემბერში, ხოლო რაც შეეხება ნატახტრის მონაკვეთს, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

"სულ რამდენიმე დღის წინ ქვეშეთი-კობის პროექტისთვის, აზიის განვითარების ბანკმა 415 მილიონის დოლარის ფინანსური რესურსი დაამტკიცა, რისთვისაც  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ და ყველა სხვა ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის თაღოვანი ხიდისა და ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა და ნამდვილად ამიერკავკასიაში ეს არის პირველი ასეთი მასშტაბური გვირაბი“ - განაცხადა ირაკლი ქრსელაძემ.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის  ნაწილია.  გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და საიმედო პირობებს ზამთრის პერიოდში გზით მოსარგებლე მგზავრებისთვის,  გარდა ამისა ახალი გზა აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.

ĢBC

671