BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ხაშურს შემოვლითი, ოთხ ზოლიანი მაგისტრალური გზა ექნება

რიკოთის საგზაო მაგისტრალზე 96 ხიდი და 53 გვირაბი აშენდება, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ გზების დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მაგისტრალურ გზებზე მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, სადაც სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებზე ქარსალაძე სამუშაოების ვადაზე ადრე დასრულებასაც არ გამორიცხავს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დამსწრე აუდიტორიას, ინფორმაცია ასევე მიაწოდა ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის, ქუთაისის შემოვლითი გზის, სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი-ქობულეთის, ბათუმის შემოვლითი გზის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდი ნაწილი 2019-2020 წლებში დასრულდება.

„ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია, რომელიც წინ უსწრებს რიკოთის მონაკვეთს და მიუხედავად გამოწვევებისა, 2019 წლის ბოლოს დასრულდება პირველი ლოტი. მეორე ლოტთან მიმართებაში ხელახლა უნდა გამოცხადდეს ტენდერი. შევძელით მსოფლიო ბანკთან ერთად ის, რომ ფაქტობრივად, 2020 წელს ხაშურს ექნება სრულყოფილი შემოვლითი, 13-კილომეტრიანი, ოთხ ზოლიანი მაგისტრალური გზა, ბეტონის საფარით.

უმნიშვნელოვანესია რიკოთის მონაკვეთი, რომელიც ოთხი ლოტისგან შედგება. მეორე და მესამე ლოტზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. უნდა აღინიშნოს კომპანიების მაღალი მობილიზება - ტექნიკა, ქარხნები, ბანაკები და სხვა საჭირო მოწყობილობები უკვე მოწყობილია. 96 ხიდი და 53 გვირაბია ასაშენებელი ამ კონკრეტულ მონაკვეთზე.

ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლი არის ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ საქართველოს მთავრობამ მიიღო, რათა ხელშეწყობა ყოფილიყო, როგორც მზარდი ნაკადების და ინტენსიობის უზრუნველყოფის, ასევე საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით. 2020 წლის ბოლოს ქუთაისს ექნება ოთხზოლიანი, სრულფასოვანი მაგისტრალი, ბეტონიოს საფარიანი გზა.

სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი გამოწვევებით სავსე მონაკვეთია, მაგრამ მოვახერხეთ, რომ 2019 წლის ბოლოს 14 კილომეტრი ასფალტის საფარი, ოთხზოლიანი, დახაზული, გამზადებული იქნება, ხოლო 2020 წელს ექსპლუატრაციაში შევა და 18 კილომეტრი მთლიანად დასრულდება.

გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე 2018 წელს გაფორმდა კონტრაქტი და შესაბამისად, სამობილიზაციო სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია. ამ ეტაპე ხდება გრუნტის გაძლიერება და მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია, ვინაიდან მესამე და მეოთხე ლოტი პირდაპირ ებმის ამ მონაკვეთს.

ბათუმის შემოვლით გზაზე კარგი პროგრესია, თუმცა არასაკმარისი. გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს პროექტი 2020 წელს დასრულდება. პირველი გვირაბი, 240-მეტრიანი, უკვე გაიჭრა. ეს პროექტი დაგვირგვინდება ბათუმი-სარფის 13-კილომეტრიანი გვირაბით.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 450-მილიონიანი სესხი დაამტკიცა აზიის განვითარების ფონდმა. იგეგმება ხუთი გვირაბის და თაღოვანი ხიდის აშენება. ხუთი გვირაბიდან ერთი არის ცხრა კილომეტრიანი. ორ ლოტად არის დაყოფილი, 12 კილომეტრი მისასვლელი და 10 კილომეტრი გვირაბი. ცხრა კილომეტრიან გვირაბს ექნება 500-მეტრიანი მისასვლელები ორივე მხრიდან, 15 მეტრის დიამეტრით - ეს გვირაბი ნამდვილად შევა ერთ-ერთ თვალსაჩინო გვირაბებს შორის. ამიერკავკასიაში ეს არის პირველი ასეთი მასშტაბის გვირაბი“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

1059