BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

GALT & TAGGART-ის წინასწარი შეფასებით, ივლისში ტურიზმიდან შემოსავალი $5 მლნ-ით შემცირდა

ივლისის თვე საქართველოს ტურისტული სექტორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. 8 ივლისს, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. სულ რამდენიმე დღის წინ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენმა ვიზიტორმა გადმოკვეთა ქვეყნის საზღვარი. ნეგატიური მოლოდინების მიუხედავად, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ვიზიტორთა ნაკადი გაზრდილია. ივლისში ქვეყანაში 1,099,474 ვიზიტორი იმყოფებოდა (5.8%-ით მეტი), მათგან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 570,482 ადამიანი დარჩა, რის გამოც მეთოდოლოგიის მიხედვით ტურისტებად სწორედ ისინი აღირიცხნენ. ტურისტების ეს რაოდენობა 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1%-ით აღემატება. 

რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის მიმართულებას, 8 ივლისს ამოქმედებული ავიასანქციების შედეგად, ივლისში რუსი ვიზიტორების რაოდენობამ 6.4%-ით იკლო. თვის განმავლობაში რუსეთიდან სულ 159,063 საზღვრის კვეთა აღირიცხა. აქედან, 50,849 - სატრანზიტო ვიზიტორი, 108,214 კი, ტურისტი იყო. უშუალოდ რუსი ტურისტების რაოდენობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8%-ით (18,851-ით) ნაკლები იყო. 

Galt & Taggart-მა გააკეთა წინასწარი შეფასება იმის შესახებ, თუ რა ფინანსური შემოსავალი მიიღო ქვეყანამ ამ ვიზიტორებისგან. Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი ამბობს, რომ თვის განმავლობაში, საქართველოს ტურისტულმა სექტორმა დაახლოებით, $428 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით ანუ $5 მილიონით ნაკლებია. სამყურაშვილი განმარტავს, რომ ამ შემცირების მიზეზს რუსი ტურისტების რაოდენობის კლება წარმოადგენს. 

“ჩვენ ტურიზმის სფეროს შემოსავალი $428 მილიონი დოლარის მოცულობა გვაქვს გაანგარიშებული ივლისის თვეში, წინასწარი შეფასებით. ეს არის დაახლოებით, 1%-იანი შემცირება წინა წელთან შედარებით. ეს არის ჩვენი შეფასება. 

ტურისტების რიცხვი კი არის გაზრდილი 1%-ით, მაგრამ ბევრი რუსი ვიზიტორი მოაკლდა და ზრდა იყო მაღალი სხვა მეზობელი ქვეყნებიდან - აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ეს ვიზიტორები საშუალოდ კიდევ უფრო ცოტას ხარჯავენ, ვიდრე - ვიზიტორები რუსეთის ფედერაციიდან. შესაბამისად, დავთვალეთ, რომ კლება იყო საერთო ჯამში. რუსების ნაცვლად რომ არის ზრდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, ამ სხვა ქვეყნებმა შეავსო რუსეთის დანაკლისი. 1%-იანი ზრდის მიუხედავად, ხარისხობრივად განსხვავებული გადანაწილების გამო, მცირედით შემცირდა ტურისტული შემოსავლები. დაახლოებით, $4-5 მილიონის ფარგლებშია ეს შემცირება,” - განაცხადა BMG-ისთან Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა. 

 

521