BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მარიამ რაქვიაშვილი: „ბოლო მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის სტაბილური ბაზარი საქართველოს ეკონომიკისთვის“

„ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის სტაბილური და პროგნოზირებადი ბაზარი საქართველოს ეკონომიკისთვის. რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ტურიზმის სფეროში დივერსიფიცირების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. საელჩო საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით კომპლექსური ღონიძიებების განხორციელებას გეგმავს“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო www.businesstime.ge-თან ინტერვიუში საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილმა განაცხადა.

ქალბატონო მარიამ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. მიმდინარე წლის 24 იანვარს, თქვენ შეხვედრა გამართეთ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან - ტომაშ პეტრიჩეკთან, სადაც განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. როგორია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები? როგორ შეაფასებთ საქართველოსა და ჩეხეთს შორის საგარეო ვაჭრობის დინამიკას და ქართული პროდუქციის პერსპექტივებს ჩეხეთის ბაზარზე?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის საგარეო ვაჭრობის დინამიკა მზარდია. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ჩეხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 96.98 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, თუმცა მაჩვენებლები ვერ ასახავს არსებულ პოტენციალს.

სავაჭრო ბრუნვის ასპექტში მნიშვნელოვანია ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოდგენა ჩეხეთის ბაზარზე. ეს ეხება პროდუქტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი სერტიფიცირება და დაშვებულია ევროკავშირის ბაზარზე, რადგან ამ ეტაპზე არ არის სრულად ათვისებული ის პოტენციალი, რასაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა იძლევა.

ამ მიმართულებით, საელჩო აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან, იგეგმება რიგი ღონისძიებებისა სადაც ჩეხურ სადისტრიბუციო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით, უშუალოდ ქართველი მწარმოებლებისგან, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. მაგალითისთვის, 24 მაისს პრაღაში გაიმართა ორგანული ღვინის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც საქართველო განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაში არაერთმა ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო მონაწილე, ღვინის მოყვარულთა განსაკუთრებული ყურადღება ქვევრის ღვინის ტექნოლოგიამ მიიპყრო. მომავალ წელს იგეგმება ღვინის საერთაშორისო გამოფენა, სადაც საქართველო ასევე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, საელჩოს მიერ იგეგმება არაერთი ღონისძიება, რომელიც ქართული ალკოჰოლური სასმელების პოპლურაციზაციას ისახავს მიზნად. იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების მრავალფეროვნებისა და  მაღალი კონკურენციისა, ქართული ღვინოს, უახლოეს მომავალში ვიხილავთ ადგილობრივ დახლებზე.

ინვესტიციები

მინდა გკითხოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებაც - ციფრებს თუ გადავხედავთ, ჩეხეთიდან ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია. რას უკავშირებთ თქვენ ამას და როგორია პერსპექტივა?

გეთანხმებით, რომ ჩეხეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია. ინვესტიციების დიდი წილი მოდიოდა „ენერგოპროზე“. საქართველოში მუშაობის პერიოდში აღნიშნულმა კომპანიამ უკვე განახორციელა ინვესტიციები, რაც ამჟამად შემცირებულია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება. კერძოდ აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ჩეხურ-სლოვაკური ინვესტიციით  მრავალფუნქციური მაღალი კლასისი სასტუმროს მშენებლობა. ასევე, ჩეხური ინვესტიციით განხორციელდა პროექტი ჰიდროელექტროსადგურ  „ჯონოური 1’’-ზე, რომელიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოსა და ცაგერის რაიონების მიმდებარედ, მდინარეჯონოურზე.

ჩეხი ინვესტორებისთვის საქართველოს ეკონომიკის რომელი სექტორებია უფრო საინტერესო?

ჩეხი ინვესტორები საქართველოში ძირითადად დაინტერესებულნი არიან ენერგეტიკის, უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორებით.

ჩეხი ინვესტორების საქართველოს ბაზრით დასაინტერესებლად, იმართება პირდაპირი შეხვედრები კონკრეტულ პოტენციურ ინვესტორებთან. ბოლო პერიოდის განმავლობაში შედგა რამდენიმე ბიზნეს ფორუმი, როგორც საქართველოში, ასევე ჩეხეთში. ბოლო ამგვარი ღონისძიება გაიმართა პრაღაში, 16-17 აპრილს გამართული საერთაშორისო კონფერენციის „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი - ეკონომიკური დაახლოება და ვაჭრობის შესაძლებლობები,“ - ფარგლებში, სადაც საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ, რომელსაც ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოების დელეგაციები და ადგილობრივი ბიზნესმენები დაესწრნენ.

აქვს თუ არა მსგავს აქტივობებს კონკრეტული შედეგები, მოსდევს თუ არა დაინტერესებას კონკრეტული გადაწყვეტილებები ინვესტიციის განხორციელების თვალსაზრისით?

საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ პრეზენტაციები და ბიზნეს ფორუმები ჩეხეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლების დიდ ინტერესს იწვევს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენი გამოცდილებით, მსგავსი ღონისძიებების შემდეგ სწრაფი შედეგის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ბიზნესმენები იღებენ სრულყოფილ ინფორმაციას, სვამენ მათთვის საინტერესო კითხვებს და ამის შემდგომ ხდება ანალიზი და ინფორმაციის დამუშავება. მოგეხსენებათ, ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ტურიზმის გააქტიურება 

თქვენ იცით, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულების თანახმად, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმსვლა 8 ივლისს შეწყდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, იგეგმება თუ არა ჩეხეთში ტურისტების მოსაზიდად განსაკუთრებული ზომების მიღება? 

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის სტაბილური და პროგნოზირებადი ბაზარი საქართველოს ეკონომიკისთვის. რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ტურიზმის სფეროში დივერსიფიცირების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

რაც შეეხება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, რომ  საქართველოში ჩეხი ტურისტების რაოდენობის ზრდა 2018 წელს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 44%-ით გაიზარდა და 13 575 ვიზიტორით განისაზღვრა,  საელჩო საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით კომპლექსური ღონიძიებების განხორციელებას გეგმავს. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთობლივად, ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ჩეხეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდასხელს უწყობს პირდაპირი ავიარეისები. მოგეხსენებათ, კვირაში სამჯერ ავიაკომპანია „Georgian Airline“ ახორციელებს რეისებს პრაღა-თბილისის მიმართულებით, ხოლო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Wizzair“ კვირაში ორჯერ დაფრინავს პრაღიდან ქუთაისში.

აღნიშნულის გარდა, ჩეხეთის მოსახლეობისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, საელჩოს და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსა და ავიაკომპანია „Georgian Airline“ თანამშრომლობით, განხორციელდა ჩეხეთის წამყვანი  ჟურნალისტების მედია-ტური საქართველოში, რამაც კიდევ უფრო დატვირთა ჩეხური მედია-სივრცე საქართველოში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციით.

ავტორი: ლევან ჭითანავა
ელფოსტა: editor@medial.ge
1165