BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კახა კალაძე: „საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები 400 კილომეტრს გაგატარებთ“

„ტექნიკური მონაცემებით, სრულად დატვირთული აკუმულატორი, დაახლოებით, 400 კილომეტრს გაგატარებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტორმობილის წარდგენისას განაცხადა, რომელის წარმოება ქუთაისში მოხდება.

მან აღნიშნა, რომ სახელწიფო დაწესებულებები ნელ-ნელა უნდა ელექტრომობილებზე უნდა გადავიდნენ, რომ საზოგადოებას მივცეთ სტიმული, ელექტრომობილები შეიძინონ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის თებერვლიდან, მოთხოვნის საფუძველზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენებს ამონტაჟებს. 

„რაც ყველაზე მთავარია, ქართული კომპანია, რომელიც აღნიშნულ ელექტრომობილებს აწარმოებს, გვეუბნება, რომ ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს, შეიძინოს ეს ავტომობილი და თანხები არ გავიდეს ექსპორტზე, რადგან ეს ავტომობილები დღეს,ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების შემოყვანის მაჩვენებელი ძალიან არის გაზრდილი. როგორც იცით, მათი განბაჟება სრულიად უფასოა. ასევე, ელექტრომობილებისთვის ქალაქში გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები. ახლა ჩვენ ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწესრიგოთ, რათა ქალაქში მაქსიმალურად მეტი ელექტროდამტენი დავამონტაჟოთ. ვესაუბრებით ბენზინგასამართ სადგურებს, შესაბამის კომპანიებს, რათა მათი ჩართულობითა და დახმარებით,ეს პროექტი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელსაქართველოში განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრს ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს  აშენების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტი მოქალაქეების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

„მადლობა მამუკა ბახტაძეს, რომლის აქტიური მუშაობის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ამ ავტომანქანების აწყობა ქუთაისში მოხდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილების წარმოება ადგილობრივად, საქართველოშივე მოხდება და ამ პროექტის ფარგლებში, ბევრი მოქალაქის დასაქმებას შევძლებთ“,  - განაცხადა კახა კალაძემ. 

805