BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ორ წელიწადში 9 გუბერნიამ 1 015 600 ლარით 132 208 ლიტრი საწვავი იყიდა

ორ წელიწადში 9 გუბერნიის მიერ საწვავის მოხმარებაზე გაღებული ხარჯი 1 015 600 ლარს, ხოლო დახარჯული საწვავი 132 208 ლიტრს შეადგენს, - ამის შესახებ აღნიშნულია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, სადაც დაწვრილებით არის განხილული გუბერნიების ავტოპარკის ხარჯების განკარგვა 2017-2018 წლებში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს 9 სახელმწიფო გუბერნატორის ადმინისტრაციაში საწვავი გაიცემა გუბერნატორების განკარგულების საფუძველზე დამტკიცებული ყოველთვიური ლიმიტების ფარგლებში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გუბერნიებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს მათ მიერ საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯი 534,015 ლარს შეადგენს, რაც 52,430 ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს (481,585 ლარი).

უნდა აღინიშნობს, რომ 2017-2018 წლებში ყველაზე მეტ საწვავს მოიხმარდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციები.

კვლევის ფარგლებში, 2017-2018 წლებში სახელმწიფო გუბერნატორებზე გაცემული საწვავის ოდენობის და მათზე დაწესებული ყოველთვიური ლიმიტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებულია 7 გუბერნატორის ადმინისტრაციიდან. კერძოდ: კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, რაჭა ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორების ადმინისტრაციებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გუბერნატორის მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტები 2017-2018 წლებში 700-დან 1,500 ლიტრამდე მერყეობდა.

ამ 7 გუბერნატორის მიერ, მათ მიერვე დადგენილი ყოველთვიური ლიმიტების ფარგლებში, 2017-2018 წლებში სულ დახარჯულია 132,208 ლიტრი საწვავი; ყველაზე მეტი საწვავი 2017-2018 წლებში მოხმარებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მიერ 25,660 ლიტრი, საიდანაც 2017 წელს გახარჯულია 14,356 ლიტრი ბენზინი, ხოლო 2018 წელს – 11,304 ლიტრი.

კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორები 2017-2018 წლებში ყოველწლიურად დაახლოებით თანაბარი ოდენობის საწვავს მოიხმარდნენ, რაც 10,000 ლიტრის ფარგლებში მერყეობდა.

შიდა ქართლის გუბერნატორის მიერ 2017 ათვისებულია 7,512 ლიტრი დიზელი. 2018 წლის 27 აპრილს შიდა ქართლის გუბერნატორს თავისივე განკარგულებით დიზელის მოხმარების 800 ლიტრიანი ლიმიტი გაეზარდა 1,000 ლიტრამდე, შედეგად, 2018 წელს გუბერნატორის მიერ 754 ლიტრით უფრო მეტი საწვავი იქნა გახარჯული. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორზე 2017 წელს გაიცა 7,832 ლიტრი საწვავი, ხოლო 2018 წელს – 7,741 ლიტრი. გუბერნატორზე დადგენილი ყოველთვიური ლიმიტების შესახებ ინფორმაცია IDFI-ის არ მიეწოდა, შესაბამისად, რამდენად თანხვედრაშია საწვავის ხარჯები დადგენილ შეზღუდვებთან IDFI-ისთვის უცნობია.

7 გუბერნატორს შორის საწვავის მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლის გუბერნატორზე ფიქსირდება: 2017 წელს – 6,166 ლიტრი, ხოლო 2018 წელს – 6,839 ლიტრი. 2018 წლის ოქტომბრამდე ქვემო ქართლის გუბერნატორზე საწვავის მოხმარების ყოველთვიური ლიმიტი შეადგენდა 700 ლიტრ ბენზინს. 2018 წლის 17 ოქტომბრის გუბერნატორის განკარგულებით ლიმიტი გაიზარდა 900 ლიტრამდე, შესაბამისად, მომდევნო წლებში ქვემო ქართლის გუბერნატორის მიერ ათვისებული საწვავის მოცულობის ზრდა არის მოსალოდნელი.

გურიის გუბერნატორის შემთხვევაში, მოწოდებულია არა ათვისებული საწვავის მოცულობის, არამედ მათ შეძენაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, როგორც ირკვევა, 2017 წელს გურიის გუბერნატორებმა დახარჯეს 21,175 ლარის ღირებულების, ხოლო 2018 წელს – 25,671 ლარის ღირებულების საწვავი. გურიის გუბერნატორის 2018 წლის 23 იანვრის განკარგულების მიხედვით, მისი ყოველთვიური საწვავის მოხმარების ლიმიტი 2018 წელს განსაზღვრული იყო 800 ლიტრის ოდენობით, (წლიური 9,600 ლიტრი). იმ შემთხვევაში, თუ გუბერნატორის საწვავის ხარჯი შეესაბამებოდა დაწესებულ ლიმიტებს, 1 ლიტრ ბენზინში საშუალოდ გადახდილი უნდა იყოს 2.65 ლარი. აღნიშნული ფასი მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წელს შესყიდული საწვავის საბაზრო ფასს. მაგალითად, სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ 2018 წელს შესყიდულ მსგავსი ტიპის საწვავში საშუალოდ გადახდილია 1 ლიტრი – 2.16 ლარი. ფასის ამ განაკვეთის პირობებში გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია 2018 წელს 25,671 ლარად შეისყიდიდა 11,884 ლიტრ ბენზინს, რაც დაახლოებით 2,300 ლიტრით აღემატება დადგენილ ლიმიტს. ამ მოცემულობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2018 წელს გურიის გუბერნატორებზე გაცემული საწვავის ოდენობა არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან.

გუბერნატორის ადმინისტრაციებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების 100 კმ-ზე საშუალო წვის მაჩვენებელი 15 ლიტრიდან 19.83 ლიტრამდე მერყეობდა. 100 კმ-ზე საშუალო წვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (15 ლიტრი) აქვს შიდა ქართლის გუბერნატორზე განპიროვნებულ ავტომობილს, რომელიც მოიხმარს დიზელის საწვავს. ყველაზე მეტ საწვავს – 19.83 ლიტრი ბენზინი 100 კმ-ზე – მოიხმარდა კახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული 2012 წელს გამოშვებული Toyota Landcruiser LC-150. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის შემთხვევაში, მსგავსი მაჩვენებელი არ იქნა მოწოდებული. მათი განმარტებით, 2017-2018 წლებში გუბერნატორი ე.წ. ჩიპთან ერთად ასევე იყენებდა საწვავის ელექტრონულ ბარათს. ელექტრონული ბარათი არ არის გათვალისწინებული კონკრეტული ავტომანქანისთვის და მისი გამოყენება შესაძლებელია ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებულ სხვა ავტომანქანაზეც. ვინაიდან გუბერნატორი პერიოდულად გადაადგილდებოდა ადმინისტრაციის სხვა ავტომანქანითაც, ვერ მოხერხდა იმის დადგენა, გუბერნატორმა რომელ ავტომობილზე რამდენი საწვავი მოიხმარა და, შესაბამისად, რამდენი იყო მასზე განპიროვნებული ავტომობილის საშუალო წვის მაჩვენებელი. ადმინისტრაციის ამ განმარტების შესაბამისად, 2017-2018 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს მასზე განპიროვნებული ავტომობილის მიერ დაფარული 133,000 კილომეტრის გარდა, ადმინისტრაციის სხვა ავტომობილებით დაფარული აქვს გარკვეული მანძილი.

გუბერნატორებზე განპიროვნებულ ავტომობილებზე საწვავის მოხმარების და განვლილი მანძილის მაღალი მაჩვენებლების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად შესაძლებელია განხილულ იქნას კონტროლის არასათანადო მექანიზმები. გუბერნატორის ადმინისტრაციებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2017-2018 წლებში ლიმიტის ფარგლებში გამოყოფილი საწვავი ავტომანქანებში ნაწილდებოდა „აგაი სისტემის“ (ე.წ. ჩიპები) მეშვეობით, რომელიც რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პირობებით. მიუხედავად ამ რეგულაციებისა, ცალკეულ გუბერნატორის ადმინისტრაციებში ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც საწვავი ე.წ ჩიპების გარდა ნაწილდება სხვა მეთოდითაც. მაგალითად, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორზე საწვავი გაიცემოდა როგორც ჩიპის ასევე ელექტრონული ბარათის საშულებით. სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის განკარგულებით, ავტომობილებზე საწვავი ყოველთვიურად გაიცემა დარიცხვის ან/და საწვავის ტალონის გაცემის მეთოდით.

758