BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ეკონომიკის ექს-მინისტრი: „თუ საჯარო სამსახურებში არ გვეყოლება კვალიფიციური ხალხი ეკონომიკის ტემპის რეალიზაცია ძნელი იქნება“

დღეს, პარლამენტში დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ საჯარო სამსახურებში, სხვადასხვა დონეზე კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ამ მხრივ სახელმწიფო სტრუქტურები კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევენ.

„უმნიშვნელოვანესი საკითხია სახელმწიფო მოხელეების კვალიფიკაციის ზრდა. თუ ჩვენ მუნიციპალურ და ცენტრალურ მთავრობაში არ გვეყოლება კვალიფიციური ხალხი, ძალიან ძნელი იქნება ჩვენი ეკონომიკის ტემპის რეალიზაცია. ხალხი ზოგჯერ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, იმიტომ, რომ კვალიფიკაცია არ ყოფნის.

ადამიანს, რომელსაც 500-700 ლარი აქვს ხელფასი და რომელსაც ჩვენ დავაკისრეთ, რომ გადაწყვეტილება მიიღოს 100-300 ათას ლარიან პროექტებზე, აბა დაფიქრდით, ახლა რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს იმ ადამიანს, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღოს. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინიციატივა, რომ პირველ ეტაპზე ტოპ 500 სახელმწიფო მოხელის პოზიციაზე უნდა დავაყენოთ კვალიფიციური კადრები. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბევრ პოზიციაზე კვალიფიციურია კადრი, მაგრამ მასობრივად ეს ასე არაა. ამისთვის ჩვენ კონკურენცია უნდ გავუწიოთ კერძო სექტორს კვალიფიციურ კადრებზე. ადამიანი, რომელიც სამჯერ ნაკლებ ხელფასს მიიღებს სახელმწიფო სტრუქტურაში, ძალიან საეჭვოა ასეთ შემთხვევაში რატომ მოდის კვალიფიციური კადრი სამუშაოდ სახელმწიფო სტრუქტურაში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

679