BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 10.1%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.1 მლნ აშშ დოლარი (369.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 
 
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 93.5 პროცენტი მოდიოდა.
 
ფულად გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც 2019 წლის აპრილში საქართველოში 34.35 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა. 
 
ქვეყნების ხუთეული, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი განხორციელდა ასე გამოიყურება:
 
რუსეთი-34.35 მლნ აშშ დოლარი
იტალია-18.44 მლნ აშშ დოლარი
საბერძნეთი- 16.34 მლნ აშშ დოლარი
აშშ-14.68 მლნ აშშ დოლარი
ისრაელი-13.33 მლნ აშშ დოლარი
 
2019 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.1 მლნ აშშ დოლარი (51.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.5 მლნ აშშ დოლარისა (45.0 მლნ ლარისა) 2018 წლის აპრილში.
241