BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აპრილში წლიურმა ინფლაციამ 4.1% შეადგინა - რომელი პროდუქტები გაძვირდა და რომელი გაიაფდა

2019 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.1% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7%-იანი მატება, რაც 0.21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.6%), ხილი და ყურძენი (5.0%), ასევე ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0%). ამასთან, ფასების კლება დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-3.8%);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 1.4%-ით, რამაც 0.04 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ფასების მატება დაფიქსირდა როგორც ტანსაცმელზე (1.7%), ისე ფეხსაცმელზე (1.1%);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 0.7%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა მთლიან ინდექსში 0.03 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა ღამის გასათევით მომსახურებაზე (2.8%).

რაც შეეხება ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე სასაქონლო ჯგუფების გავლენას, საქსტატის მონაცემებით მასზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.8%), თევზეული (13.9%), პური და პურპროდუქტები (11.3%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.7%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-22.3%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 21.1%-ით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (44.4%);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.2%-ით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.7%);

ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 2.3%-ით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაში. ჯგუფში ფასების ზრდა, ძირითადად, დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.5%).

167