BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თბილისში, ახალი სასტუმრო – „რამადა თბილისი“ გაიხსნა

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე 18 მლნ დოლარის ინვესტიციით ახალი სასტუმრო „რამადა თბილისი“ გაიხსნა.
 
სასტუმროს მმართველი კომპანია „ამბერ ჯგუფის“ ინფორმაციით, „რამადა თბილისი“ სტუმრებს 4 კატეგორიის 125 კომფორტულ ოთახს სთავაზობს. ამჟამად სასტუმროში 80 ადამიანია დასაქმებული, თუმცა კომპანია დასაქმებულთა რაოდენობის 120-მდე გაზრდას გეგმავს.
 
„სასტუმროს რესტორნის სახელი მისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობის გამო შეირჩა და ერთ-ერთი უძველესი, კოლორიტული უბნის, ვერის სახელი ეწოდა. რესტორანი „ვერა“ სასტუმროს მთავარი თავშეყრის ადგილია, რომელიც სტუმრებს როგორც ევროპული, ისე ტრადიციული ქართული კერძებით მასპინძლობს. აქვეა განთავსებული ბარი, რომელშიც წასახემსებლებისა და საავტორო კოქტეილების დიდი არჩევანია.
 
 
ხელსაყრელი მდებარეობა და ნათელი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების ოთახები შესანიშნავი არჩევანია კორპორაციული შეკრებების, წვეულებებისა თუ ტრენინგების დასაგეგმად“, - აცხადებენ კომპანიაში.
 
აღსანიშნია, რომ ბრენდი "რამადა" 1954 წელს შეიქმნა. დღეს ის 60-ზე მეტ ქვეყანაში 850-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროების ქსელია.
სასტუმროს მმართველი ქართული კომპანია „ამბერ ჯგუფი“ ამ ბიზნესს 2019 წელს სასტუმრო "გუდაური ლოჯის" გახსნით შეუერთდა.
 
290