BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აშშ-მა ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს უფლება მისცა, უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღი გააგზავნონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უფლება მისცა ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს, უკრაინაში ამერიკული წარმოების რაკეტები და სხვა იარაღი გაგზავნონ, - ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
სააგენტო წერს, რომ ექსპორტის კონტროლის რეგულაციების თანახმად, ქვეყნებმა უნდა მიიღონ თანხმობა სახელმწიფო დეპარტამენტისგან, სანამ შეერთებული შტატებიდან მიღებულ იარაღს მესამე მხარეს გადასცემენ.
 
Reuters-ის წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება ესტონეთს საშუალება მისცემს უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები გადასცეს, ლიეტუვას კი “სტინგერის” სარაკეტო სისტემების გაგზავნის უფლება მიენიჭება.
 
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში კიევში ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკელი სენატორები, რომლებიც უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას დაჰპირდნენ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი გააფრთხილეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას შედეგები მოჰყვება. სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღს შორის შესაძლოა, იყოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა “ჯაველინი”, „სტინგერის“ სარაკეტო სისტემები და სხვა სახის შეიარაღება.
594