BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით ფარმაცევტული ბაზარი მაღალკონცენტრირებულია და გამოირჩევა რეგულაციების სიმცირით

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის საბოლოო დასკვნას აქვეყნებს.  წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით,  რეგულაციების სიმცირით და მაღალკონცენტრირებულობით გამოირჩევა.  ბაზარზე წარმოდგენილი მსხვილი კომპანიები ერთდროულად ფლობენ იმპორტის, დისტრიბუციის, საცალო რეალიზაციის, კლინიკების დაზღვევის კომპანიებს.
 
ჰოლდინგურ ჯგუფებს აქვთ საბაზრო ძალა, იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამომწერ პასუხისმგებელ პირებზე, რაც სააგენტოს შეფასებით შესაძლოა არ გამომდინარეობდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან. ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ჰოლდინგური ჯგუფების მიერ. მეტწილად, ხორციელდება ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ იმპორტირებული/წარმოებული მედიკამენტების რეალიზაცია,  რაც წარმოადგენს საერთო რეალიზაციის 50%-ს და მეტს.
 
სააგენტოს შეფასებით, სარეცეპტო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენტულ გარემოს და არ შეესაბამება პაციენტის საუკეთესო ინტერესებს.  დარგის საკანონდებლო რეგულირება არ არის მიმართული ბაზარზე გენერიკული მედიკამენტების წილის ზრდაზე, შესაბამისად, გენერიკების ფიზიკური ხელმისაწვდომობა ბაზარზე დაბალია. მომხმარებელი, ყოველწლიურად, ანალოგიური სამკურნალო ეფექტის მიღების პირობებში დაზოგავს მედიკამენტებზე გასაწევი ხარჯის 25-30%-ს, რაც ბაზრის მოცულობის გათვალისწინებით შესაძლოა იყოს 250 მილიონ ლარამდე – აღნიშნულია სააგენტოს მიერ მომზადებულ ანგარიშში.
 
სააგენტოს შეფასებით, მნიშვნელოვანია GMP სტანდარტის შემოღება როგორც იმპორტის, ასევე ადილობრივი წარმოების დონეზე. სააგენტოს მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ კერძო სადაზღევვო პაკეტის შეძენის შემთხვევაში პირი ვერ ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, წარმოადგენს ჯიბიდან გადახდების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საყოველთა და კერძო სადაზღვევო პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფა.
 
მონიტორინგში წარმოდგენილი ინფორმაციით, 2016-2020 წლებში, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებლი (HHI), სტაბილურად ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ფარგლებშია (1289-1799), ხოლო იმპორტიორ ეკონომიკურ აგენტთა რაოდენობა მერყეობს 156-დან 180 ერთეულ კომპანიამდე. მიუხედავად კონცენტრაციის არსებული მაჩვენებლის და იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდნეობისა, 3 ყველაზე მხვილი იმპორტიორი კომპანიის წილი, ბაზრის იმპორტის დონეზე, სტაბილურად მაღალია (57%-დან 68%-მდე).
 
ქვეყანაში, 2021 წლის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 10 450 დასახელების მედიკამენტი; 3 213 აფთიაქის ოპერირებას ახორციელებს 1712 ეკონომიკური აგენტი. 10 და მეტი აფთიაქი გააჩნია 12 კომპანიას (სულ 1238 აფთიაქი), ხოლო მათგან 3 ყველაზე მსხვილი კომპანია ჯამურად  927 აფთიაქს ფლობს.
 
ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების,  ახალი თამაშის წესების განსაზღვრის მიზნით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 13 რეკომენდაცია გასცა.
441