BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2021 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 20.1%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

 
2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 379.3 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 574.1 ათასი ერთეული შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 20.1%-ით მეტია 2020 წლის მესამე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.
 
„2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 813.5 ათასით განისაზღვრა, რაც 22.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
 
2021 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების 38.2 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.4 პროცენტს შეადგენდა.
 
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 45.1 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 12.2 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
 
2021 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა - 41 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
 
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 306.6 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 280.3 ათასი ვიზიტი თვეში).
 
2021 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 320.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 46.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 22.0 პროცენტით და 203.8 ლარს უტოლდება,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
727